ლეო მესი ესპანური ტელეკომპანია La Sexta-ს წამყვან ჯორდი ევოლეს გადაცემაში ესტუმრა და თქვა, რომ არ იცის მიმდინარე სეზონის დამთავრების შემდეგ დარჩება „ბარსელონაში” თუ არა. ყველა ვარიანტში შევეცდები ისე მოვიქე, რომ ჩემთვისაც კარგი გამოვიდეს და კლუბისთვისაცო, თქვა „ბლაუგრანას” კაპიტანმა.
უამრავჯერ დაიწერა, რომ „ბარსას” არგენტინელ ვარსკვლავს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის ვადა 2020 წლის 30 ივნისს ეწურება. იყო წინაისტორიაც: გასულ ზაფხულს მესი „ბლაუგრანადან” წასვლას ცდილობდა, კლუბის იურისტებმა კი ხელშეკრულებაში სათავისო პუნქტი იპოვეს და ფეხბურთელის „კამპ ნოუზე” დატოვება შეძლეს. არ არის გამორიცხული, რომ „ბარსელონამ” მესის მამასთან და რამდენიმე წარმომადგენელთან მოლაპარაკებებისას კულუარებში სხვა ბერკეტებიც მოიშველია.
„ამ ეტაპზე, მხოლოდ სეზონის ჩამთავრებაზე და ტიტულების მოგებაზე ვფიქრობ. ვიცი, ბარსელონაში ჯერ კიდევ ბევრ ხალხს ვუყვარვარ და ამიტომ, თუ რამეს გადავწყვეტ, ისე მოვიქცევი, როგორც ჩემი და კლუბის ინტერესები მოითხოვს.
სხვათა შორის, როდესაც ფეხბურთის თამაშს თავს დავანებებ, ცხოვრებას ბარსელონაში გავაგრძელებ და მსურს კლუბის საქმეებში ჩართული ვიყო. ამიტომ, ვიმეორებ, თუ ამ ეტაპზე სხვაგან გადასვლას გადავწყვეტ, როგორც ჩემს, ასევე კლუბის ინტერესებს მაქსიმალურად გავითვალისწინებ.
„ბარსელონა” ნებისმიერ ფეხბურთელზე დიდია და იმედს გამოვთქვამ, რომ ყოველთვის, როდესაც ესა თუ ის ნაბიჯი ექნება გადასადგმელი, ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც ახალ წარმატებებამდე მიიყვანს”.
მესის სიტყვა მიმდინარე სეზონში, რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით, არასახარბიელო სტარტზეც ჩამოუგდეს. არგენტინელმა თქვა, რომ გუნდისთვის საუკეთესო ფორმაში დაბრუნება ამ ეტაპზე ძნელი იქნება, მაგრამ მიზნის მისაღწევად ცდას არ დააკლებენ.
„მართალია, კლუბი რთულ პერიოდს გადის, მაგრამ მე მაინც ენთუზიაზმით ვარ სავსე. რთული დრო ყველასთვის რთული დროა. დღეს ნამდვილად ცუდი გუნდი გვყავს და იმ სიმაღლეზე დაბრუნება, სადაც ჩვენ უნდა ვიყოთ, ძნელი იქნება,” — აღნიშნა მესიმ.
კიდევ, მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესომ თქვა, რომ გასული ზაფხულის სატრანსფერო ისტორიებს არ ნანობს და განმარტა, თუ რა ხდებოდა მის თავს:
„ჩემთვის იმის თქმა, რომ ქალაქ და კლუბ ბარსელონადან წასვლა მინდოდა, ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. ჩემს ოჯახს დარჩენა უნდოდა. მათი სახლი აქ არის. მე კი ვგრძნობდი, რომ წასვლის დრო იდგა.
გასული ზაფხული რომ დაბრუნდეს, კვლავ სხვაგან წასვლას მოვითხოვდი. ეს იყო ჩემი გრძნობების და შეხედულებების გამოხატვის ფრომა. ლუის სუარესის გაშვება ჩემს ისტორიასთან არაფერ შუაშია, მაგრამ ის, თუ როგორ მოექცა „ბარსელონა” მას და როგორ მიჰყიდა უშუალო კონკურენტს, ნამდვილი სიგიჟე იყო”.
მესიმ თქვა, რომ დღემდე აქვს ურთიერთობა სუარესთან და ნეიმართან:
„სიახ, ჩვენ WhatsApp-ში ჯგუფი შევქმენით და ძალიან ხშირად ვლაპარაკობთ ერთმანეთთან. ლუისს ყოველდღე ველაპარაკები, ნეიმართან კი ბოლოს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრის შემდეგ (პსჟ „ბარსელონას” შეხვდა) მქონდა კონტაქტი”.