„დავიღალე, ამ კლუბში ყველას პრობლემა მე ვარ,” — უპასუხა ელ პრატის აეროპორტში დაბრუნებულმა ლეო მესიმ ჟურნალისტებს, რომელთაც მისგან საგადასახადო საკითხებსა და ანტუან გრიზმანის ბიძის ნათქვამზე სურდათ კომენტარის მოსმენა.
გრიზმანის ბიძამ ემანუელ ლოპესმა „კამპ ნოუზე” ფრანგი თავდამსხმელის წარუმატებლობებში არგენტინელი დაადანაშაულა. და კიდევ, გეხსომებათ, რომ რამდენიმე დღით ადრე მესის წინააღმდეგ გრიზმანის ყოფილმა აგენტმა ერიკ ოლასტმაც გაილაშქრა.
„ბარსას” 2019-20 წლებში წარუმატებელი სეზონი ჰქონდა. ტიტულების მოგებას ნაჩვევმა გუნდმა ვერაფერს მიაღწია და თან, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბაიერნთან” 2:8 დამარცხებით შეირცხვინა თავი.
ამას მოჰყვა მესის გადაწყვეტილება „კამპ ნოუდან” წასულიყო, მაგრამ კლუბის იურისტებმა მის კონტრაქტში გამოძებნეს პუნქტი, რომელსაც მოეჭიდნენ და მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელი ესპანეთში დატოვეს.
შემდეგ, „ბარსას” სათავეში ჩაუდგა რონალდ კუმანი, რომლის ხელმძღვანელობითაც „ბლაუგრანა” 7 თამაშიდან (ბევრ გუნდს 8 ან 9 თამაში აქვს ჩატარებული) 11 ქულით მე-8 ადგილზეა. ლა ლიგის ცხრილს 20 ქულით ლიდერობს „რეალ სოსიედადი”.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე „ბარსელონა” პრეზიდენტის გარეშეა. ჟოზეპ მარია ბარტომეუ თანამდებობიდან გადადგა, ახალი პრეზიდენტის არჩევნები კი საახალწლო არდადეგების დღეებშია დანიშნული.
ამდენი პრობლემის მიუხედავად, ყურადღების ცენტრში მოექცა გრიზმანი, რომელმაც „ბარსელონაში” თამაშის ეშხით მადრიდის „ატლეტიკო” დატოვა. ფრანგის სამწუხაროდ, მან ახალ კლუბში თავი ვერა და ვერ გამოიჩინა, რაც ბიძამისმა ემანუელ ლოპესმა „ელ ჩირინგუიტოსთან” ინტერვიუში ასე ახსნა:
„ანტუანმა იცოდა, რომ პირველი ექვსი თვის განმავლობაში წარმატებას ვერ მიაღწევდა, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუკი ცუდი პერიოდი მთელს წელიწადს გასტანდა. ამას დაამატეთ მესი… ვიცი, რაც ხდება გუნდში და დამიჯერეთ, ასეთ პირობებში თავის გამოჩენა ძალიან ძნელია.
მესი „ბარსელონას” ვარჯიშებზე თავს არ იკლავს და საერთოდაც, ამ გუნდში საწვრთნელი პროცესი რამდენიმე კაცის გულის მოსაგებად არის აწყობილი. ასეთი სიტუაცია კი მისწრებაა იმ ხალხისთვის, ვისაც ვარჯიში ეზარება”.
ზემოთ საგადასახადო ვახსენეთ. აეროპორტში 33 წლის ვარსკვლავს ამ სამსახურის ინსპექტორიც დახვდა. მას არგენტინის ნაკრების კაპიტანთან წინასწარ ჰქონია დარეკილი. ინსპექტორს მისთვის საბუთები მოუთხოვია.
„15 საათი ვიფრინე და აქ საგადასახადოს აგენტი დამხვდა. სასაცილოა”, — თქვა მესიმ, რომლის დღეებიც „ბარსელონაში” შესაძლოა მართლაც დათვლილი იყოს. ეს კი ძალიან უხარია მისი ადრინდელი მწვრთნელის პეპ გვარდიოლას კლუბ „მანჩესტერ სიტის”.