ვერ გეტყვით მაურიციო სარის მოხსნა ამასთან რაიმე კავშირში იყო თუ არა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან გავარდნის შემდეგ, „იუვენტუსის” მთავარმა ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ ინსტაგრამზე დაწერა:

„ჩვენთვის 2019-20 წლების სეზონი დასრულდა. ის დამთავრდა ჩვეულებრივზე გაცილებით გვიან, მაგრამ სასურველზე  ადრე. ახლა რეაგირების დროა. ისეთი დიდი კლუბი, როგორიც „იუვენტუსია” უნდა ფიქრობდეს და მოქმედებდეს, როგორც მსოფლიოში საუკეთესო.

ისეთ რთულ წელიწადს, როგორიც წლეულსაა, სერია A-ში გამარჯვება საამაყო მიღწევაა, მაგრამ ჩვენგან ფანები მეტს ითხოვენ და ვალდებულები ვართ სურვილი შევუსრულოთ. ჩვენ უმაღლეს მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ.

დაე, ამჟამინდელი ხანმოკლე შვებულება საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღების პერიოდი აღმოჩნდეს. მოედანზე როგორც არასდროს ისეთი ძლიერები და თავდადებულები უნდა დავბრუნდეთ”.

ეჭვიანმა ხალხმა კრიშტიანუს ტექსტში ყურადღება მიაქცა ფრაზას „ახლა რეაგირების დროა” და ზოგადად განახლების მოწოდებას, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ სარის მოხსნაში წვლილი პორტუგალიელსაც მიუძღვის, თუმცა კერძოდ რა მოხდა „იუვეს” კულუარებში ზუსტად არავინ იცის, ფენომენალურ ფორვარდს კი უკმაყოფილების საბაბი რასაკვირველია აქვს.

„იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას პარასკევს, „ლიონთან” შეხვედრაში გამოეთიშა. რონალდუმ დუბლი შეასრულა და „ბებერ ქალბატონს” 2:1 მოაგებინა, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში დაპირისპირება 2:2 დასრულდა და სტუმრად გატანილი გოლის წყალობით მეოთხედფინალში ფრანგული კლუბი გავიდა.

ამრიგად, „იუვენტუსი” 1996 წლის შემდეგ კვლავ „მშრალადაა” — ჩემპიონთა ლიგა არ მოუგია. რონალდუ კი აგერ უკვე ორი სეზონია, რაც „იუვეში” თამაშობს და თავის მდიდრულ ალაფს კიდევ ერთი ევროპული თასი ვერა და ვერ შემატა. შარშან ტურინელები მეოთხედფინალში „აიაქსმა” გამოთიშა შეჯიბრებას, წლევანდელი ამბავი კი ზემოთ ვახსენეთ.

2019-2020 წლების სეზონში კრიშტიანუ რონალდუმ 46 შეხვედრაში 37 გოლი გაიტანა. ეს 94 წლის „იუვენტუსის” რეკორდია.