„ბაიერნის” საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმა „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგთან” ინტერვიუში „დორტმუნდის” სატრანსფერო პოლიტიკას უგუნური უწოდა.

„თუკი „დორტმუნდი” ყიდულობს ნიჭიერ ფეხბურთელს, რომელიც შემდეგ ამართლებს კიდეც, რამდენიმე თვეში ან თავად კლუბისგან ან საიდანმე აუცილებლად შეიტყობთ, რომ მას უკვე გაყიდვას უპირებენ, — თქვა ჰიონესმა, — როგორ შეიძლება მოთამაშემ კლუბის დნმ შეითვისოს და მისი ორგანული წევრი გახდეს, თუკი მან თავვიდანვე იცის რომ გასაყიდი საქონელია? ჩვენთვის, ასეთი მიდგომა უცხოა. „ბაიერნში” ფეხბურთელებს „ბაიერნისთვის” ვყიდულობთ. მოთამაშეებით ვაჭრობა ჩვენი ბიზნესი არასდროს ყოფილა”.

68 წლის ყოფილ ფეხბურთელს (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს) და საფეხბურთო ჩინოვნიკს სწამს, რომ ასეთი მიდგომა „დორტმუნდს” მნიშვნელოვანი მატჩების 10 პროცენტად უჯდება.

„ფეხბურთელი, რომელიც ჩვენთან მოდის, უნდა გრძნობდეს, რომ სამუდამოდ ბაიერნელია. აი, მაგალითად რობერტ ლევანდოვსკი. ორი წლის წინ, ზაფხულში, ის ჩემს წინ იჯდა და მეუბნებოდა, ჰერ ჰიონეს, თქვენ აუცილებლად უნდა დაელაპარაკოთ ჩემს აგენტ პინი ზაჰავის. მაშინ ლევანდოვსკის აგენტი ახალი გამოცვლილი ჰყავდა. მე ვუპასუხე: რასაკვირველია, დაველაპარაკები. აი, მასთან შეხვედრა 3 საქტემბერს მაქვს ჩანიშნული…”

ეს იმას ნიშნავდა, რომ ჰიონესი ზაჰავის სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე არ შეხვდებოდა. ამით ის ფეხბურთელებსა და მათ აგენტებს აგრძნობინებდა, რომ იოლად არავის შეელეოდა. ეს კი სტაბილურობის განცდას ბადებდა.

რაც შეეხება „დორტმუნდს”, ჰიონესმა ამ კლუბის შესაქებად მაინც გამოძებნა სიტყვები:

„ისინი სპონსორების რაოდენობით ახლოსაც ვერ მოვლენ, მაგრამ ჩვენს ფინანსურ უპირატესობას ხანდახან ყოჩაღად უმკლავდებიან ხოლმე. ასე მაგალითად, ჯეიდონ სანჩოსთან ყველაფერი გადაწყვეტილი გვქონდა, მაგრამ „დორტმუნდმა” ინგლისელი ბოლოწამს თავისკენ გადაიბარა”.