დიდი საფეხბურთო მაფია

Home დავთარი დიდი საფეხბურთო მაფია
დიდი საფეხბურთო მაფია
ზეპ ბლატერი, ჟოაო აველანჟი, მიშელ პლატინი

ფეხბურთის ყურება რომ დავიწყე, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ ორგანიზაციას ჟოაო აველანჟი ედგა სათავეში. მხოლოდ მოგვიანებით გავიგე, რომ ბრაზილიელი სამართალდამცავების მიერ ძებნილი სეუ ჟოზე სერიოზული მაფიოზი იყო.

მისი მემკვიდრე ფრიად რესპექტაბელური იოზეფ ბლატერი გახდა. მერე? როგორ დაასრულა კარიერა? კორუფციაში ბრალდებით და გადადგომით.

ჯანი ინფანტინო – კაცი, რომელმაც ფიფას პრეზიდენტის პოსტზე ბლატერი შეცვალა და წესიერების იმედი დააბრუნა… შვეიცარიის პროკურატურამ საქმე აღძრა ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ სახელმწიფო მოხელეების მოსყიდვისა და ფინანსური კვლევის შედეგებზე თვალის დახუჭვისთვის ბიძგების ბრალდებით. ამ საქმის მთავარი ფიგურანტი – შვეიცარიის გენერალური პროკურორი 25 ივლისს უკვე გადადგა.

რა ჭირი სჭირს მსოფლიო ფეხბურთს? მრავალმილიარდიანმა ბიზნესმა ჯავშანი გაიკეთა – ეროვნული სამართალდამცავი სისტემები უმოქმედოა საერთაშორისო ბოიკოტის მუქარის ფონზე. არადა, ეს მოგონილი ჯავშანი ადგილობრივი მასშტაბის მაფიებს შობს.

ადგილობრივი რად გვინდა, მიშელ პლატინის მაგალითი ცოტაა? სანამ გენიოსები და უბრალოდ კარგები საფეხბურთო მოედნებზე შედევრებს ქმნიან, სხვადასხვა კალიბრის საფეხბურთო ტარაკანები ნაღდი თამაშის განწყობას კლავენ.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".