ლუის სუარესი მიიჩნევს, რომ მიმდინარე სეზონში „ბარსელონამ” თავად გაუშვა ხელიდან უპირატესობა და დიდი ალბათობით ჩემპიონის ტიტულიც დაკარგა. სეზონის განმავლობაში ლა ლიგის ცხრილს მეტწილად კატალონიელები ლიდერობდნენ, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონი, სავარაუდოდ ხვალ, „რეალი” გახდება.

სუარესმა „მუნდო დეპორტივოს” მისცა ინტერვიუ:

„ჩვენ საკუთარი თავი უნდა ვაკრიტიკოთ. ტიტული თავად გავუშვით ხელიდან. კარგად ვხვდებით, რომ ეს ჩვენი ბრალია და თავის გასამართლებელ მიზეზებს არ ვეძებთ. ამიერიდან კი თავმოყვარეობის ამბავია, ლა ლიგაში დარჩენილი ორივე თამაში უნდა მოვიგოთ და ჩემპიონთა ლიგაზე გადავერთოთ, სადაც გამარჯვება შეგვიძლია.

თუ ისე ვითამაშებთ, როგორც გვჩვევია და გვეხერხება, მაშინ ვინც გინდა ის შეგვხვდეს, მაგრამ, მეორე მხრივ, ერთი თამაშის წაგებაც კი შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს. ამიტომ, ყურადღებით უნდა ვიყოთ.

როდესაც მნიშვნელოვანი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ, მაგალითად, როგორიცაა ჩემპიონთა ლიგა, უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც „ვილიარეალთან” ვითამაშეთ. იმ დღეს 150 პროცენტით დავიხარჯეთ რაც, როგორც ვნახეთ, შეგვძლებია. ის მატჩი ნამდვილი მესიჯი იყო — გამოჩნდა, რომ თუ მოვინდომებთ, ყველაფერს მივაღწევთ”.

ჟერარდ პიკემ და „ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოზეპ მარია ბარტომეუმ ბოლოდროინდელ ინტერვიუებში დაიჩივლეს, რომ მათ მთავარ კონკურენტ „რეალს”, გადამწყვეტ მომენტებში VAR-ი ეხმარებოდა. ურუგვაელმა კი თქვა, რომ პირადად მას უჯობს ყურადღება შიდა პრობლემებზე გაამახვილოს.

„ჟერარდმა და პრეზიდენტმა თავიანთი შეხედულება საჯაროდ გამოთქვეს. მე კი იმაზე ვფიქრობ, რომ ჩვენი კონკურენტიც ძლიერ გუნდებს ეთამაშა, ისეთებს როგორებიც არიან „ბილბაო” და „ხეტაფე”. ასე რომ, პრობლემები მარტო ჩვენ კი არა, მათაც შეექმნათ.

თავის მართლება არ არის საჭირო. უმჯობესია თვითკრიტიკულები თუ ვიქნებით და სიმართლეს თვალებში შევხედავთ”.