Shengelia (Baskonia) encima del aro tras ganar la Ligaსაქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

არადა, ჩემპიონობას ვინ დაეძებს, იყო მომენტი ფლეი ოფში „ბასკონიას“ მოხვედრაც კი სათუო იყო… თუმცა პანდემიამ ტურნირი გააჩერა. განახლებულ ფორმატში კი ვიტორიელებმა შესანიშნავად ითამაშეს და ტიტული დამსახურებულად მოიგეს.

ჩემპიონატი ახლებური ფორმატით გაგრძელდა. „ბასკონია“ და „ბარსელონა“ ჯგუფში ერთად იყვნენ: კატალონიელებმა ყველა მოიგეს, ბასკებმა მხოლოდ „ბარსასთან“ დათმეს და მათი გზები ფინალში ისევ გადაიკვეთა. „ბასკონიამ“ რევანში აიღო, თანაც „ბარსას“ პრეზიდენტ ხოსეპ ბართომეუს თვალწინ, ვინაც  „ბარსელონა“-„ატლეტიკოს“ საფეხბურთო მატჩზე დასწრებას საკალათბურთო ფინალი არჩია. დიდი ალბათობით, „ბარსას“ პრეზიდენტი ვალენსიაში ტიტულს ელოდა.

„ბასკონიამ“ დაძაბულ ბრძოლაში 69:67. შენგელიას გუნდი 10 წლის შემდეგ ოქროს მედლის მფლობელი გახდა. სულ კი, ბასკები მეოთხედ გახდნენ ესპანეთის ჩემპიონები. შენგელია კი, გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

ჩვენებური სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 33.11 წუთი დაჰყო, რა დროშიც 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოინაგრა. შენგელიას სტატისტიკა მაინცდამაინც შთამბეჭდავი არ იყო (8-დან 3 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო), მაგრამ საკვანძო ეპიზოდებში გუნდს დაეხმარა. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი (11), გუნდში მესამე მაჩვენებელი იყო.

შენგელიასთან ერთად ჩემპიონობა მოიგო ქართული პასპორტის მქონე მეტ ჯენინგმაც, რომელმაც 19.38 წუთში 8 ქულა მიითვალა (თითო მოხსნა და პასი).

ფინალის MVP ბასკონიას არგენტინელი ლეგიონერი ლუკა ვილდოსა გახდა (17 ქულა).

ამასობაში კი გავრცელდა ცნობა, რომ მოსკოვის ცეესკა დატოვა ანდრეი ვორონცევიჩმა, რომელიც თორნიკე შენგელიას პოზიციაზე თამაშობს და ცეესკაში 14 სეზონი გაატარა. მართალია, შენგელიას მოსკოვის ცსკაში გადასვლა ჯერ დადასტურებული არ არის, მაინც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ტრანსფერი გარდაუვალია, მით უმეტეს ვორონცევიჩის წასვლით რუსულ კლუბში თოკოს ადგილი გათავისუფლდა. ვორონცევიჩის სიტყვები კლუბის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ფორვარდი ცსკას ემშვიდობება, მადლობა უხდის და წარმატებებს უსურვებს.