ესპანური „ბარსელონას“ ფეხბურთელები უკმაყოფილონი არიან საკუთარი გუნდის სამედიცინო შტაბის მუშაობით. ფრენკი დე იონგი დაიმუქრა კიდეც, რომ სამკურნალოდ ნიდერნალდებში გაემგზავრება. მას არასწორი დიაგნოზი დაუსვეს. შესაბამისად, არასწორად წარიმართა მკურნალობის პროცესი და დიდი შანსია, დე იონგს სეზონის დარჩენილი ნაწილი გაუცდეს.
ექიმებით უკმაყოფილონი არიან სამუელ უმტიტი და უსმან დემბელეც. მათი თქმით, დიაგნოსტიკაში შეცდომების გარდა, არასწორად იგეგმება სარეაბილიტაციო პროცესი და არ ხდება ტრავმის რეციდივებთან ბრძოლა.
როცა უკმაყოფილებას ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი გამოხატავს, საქმეს სკანდალის სუნი უდის. ბარსელონელთა ხელმძღვანელობამ უკვე მისცა პირობა ფეხბურთელებს, რომ სიტუაციაში სწრაფად გაერკვევა და თუ საჭიროა, სამედიცინო შტაბის მუშაობაში შესაბამის კორექტივებს შეიტანს.