30 წლის წინ, 1990 წლის 23 მაისს ვენაში გაიმართა ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალური მატჩი იტალიურ „მილანსა“ და პორტუგალიურ „ბენფიკას“ შორის.
მატჩამდე პორტგალიური გუნდის ლეგენდა ეუსებიო სწორედ ვენაში დაკრძალული ლეგენდარული მწვრთნელის, ბელა გუტმანის საფლავზე მივიდა და მხურვალედ ილოცა. ეუსებიო მიცვალებულის სულს კლუბისთვის დადებული წყევლის ახსნას სთხოვდა.
ამაოდ. ფრენკ რაიკარდის ერთადერთმა გოლმა თასი „მილანს“ მოაგებინა.
გუტმანის წყევლა დღემდე ძალაში რჩება…
ვინ იყო ბელა გუტმანი? ორი სიტყვით რომ ვთქვათ, ლეგენდარული „ბენფიკას“ ფუძემდებელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში მადრიდის „რეალის“ ჰეგემონია დაამხო.
1961 წლის ფინალში პორტუგალიელებმა „ბარსელონას“ 3:2 მოუგეს. ერთი წლის თავზე ფინალურ შეხვედრაში „ბენფიკამ“ უკვე მადრიდის „რეალი“ დაამარცხა – 5:3.
ორჯერ მოპოვებული ჩემპიონთა თასისა და ქვეყნის სამგზის ჩემპიონობის შემდეგ გუტმანი გუნდიდან წავიდა – ხელმძღვანელობამ დანაპირები პრემია არ გადაუხადა. სწორედ მაშინ თქვა ბელა გუტმანმა ლეგენდარული ფრაზა: „უჩემოდ „ბენფიკა“ 100 წელი ვერ მოიგებს ევროპულ თასს“.
ლისაბონში ამ სიტყვების დიდად არ შეშინებიათ. დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ის შემადგენლობა და განსაკუთრებით ეუსებიო, ნებისმიერი მწვრთნელის ხელში მიაღწევდა წარმატებას, მაგრამ…
ახლა სჯობს, ლირიკის ნაცვლად, ამ წყევლის შემდეგ „ბენფიკას“ მიერ ნათამაშები ევროთასების ფინალები გავიხსენოთ:
1963 წ. ჩემპიონთა თასი.
მილანი – ბენფიკა 2:1
1965 წ. ჩემპიონთა თასი
ინტერი – ბენფიკა 1:0
1968 წ. ჩემპიონთა თასი
მანჩესტერ იუნაიტედი – ბენფიკა 4:1
1983 წ. უეფას თასი
ანდერლეხტი – ბენფიკა 1:0
1988 წ. ჩემპიონთა თასი
პსვ – ბენფიკა 0:0 (პენ. პსვ)
1990 წ. ჩემპიონთა თასი
მილანი – ბენფიკა 1:0
2013 წ. ევროპის ლიგა
ჩელსი – ბენფიკა 2:1
2014 წ. ევროპის ლიგა
სევილია – ბენფიკა 4:2
რვა ფინალი და რვა მარცხი. შემთხვევითობა თუ მისტიკა?
ფაქტი ისაა, რომ 58 წლის შემდეგაც კი ბელა გუტმანის წყევლა ძალაშია და მას ეუსებიოს ლოცვამაც ვერა დააკლო.
კლუბის ფანების ნაწილი თითქმის შეეგუა ბედს და დათქმული 100-წლიანი ვადის გასვლასღა ელის…