ახლა, 100 000 გირვანქით დააჯარიმებენ, „ასტონ ვილას” კაპიტნობას ჩამოართმევენ, ინგლისის ნაკრებში მოხვედრა პრობლემად ექცევა, „მანჩესტერ იუნაიტედი” აღარ იყიდის და ეს ყველაფერი დაამატეთ იმას, რომ მთელი ინგლისი იდიოტს ეძახის. ჰედლაინებში უწერიათ პირდაპირ დიდი ასოებით, იდიოტიაო.

ლაპარაკია „ასტონ ვილას” 24 წლის შემტევ ნახევარმცველზე ჯეკ გრილიშზე, რომლმაც კვირას თავისი თეთრი „რენჯ როვერი” ქუჩაში ორ გაჩერებულ მანქანას დააჯახა.

ასე ძალიან ხალხი იმან აღაშფოთა, რომ ამ სისულელის ჩადენამდე ერთი დღით ადრე გრილიშმა „ტვიტერზე” ვიდეომიმართვა დადო, რომლითაც ფანებს შინ დარჩენისკენ მოუწოდებდა. და თავად როგორ მოიქცა? ღამით ძმაკაცთან გავარდა — სახლში არ დარჩა.

ნუ იკითხავთ, ღამე ძმაკაცთან რას აკეთებდნენო. იმას, რაც დილით  კაცს ორ გაჩერებულ მანქანას დაამტვრევინებს. ასე ვთქვათ, შინ ჯდომა მობეზრდათ ბიჭებს და თითო გადაკრეს.

ზემოთ „მანჩესტერ იუნაიტედი” ტყუილად არ გვიხსენებია. ინგლისური გამოცემები დაჟინებით ამტკიცებენ, რომ როგორც კი სატრანსფერო სეზონი გაიხსნებოდა, გრილიში „ოლდ ტრეფორდზე” უნდა გადაბარგებულიყოო. ფასად 70 000 გირვანქა ყოფილა დათქმული.

სახალხოდ იდიოტად გამოცხადებულმა ჯეკ გრილიშმა „ტვიტერზე” ახალი ვიდეო დადო:

„ყველას გაუმარჯოს! მინდა დავდო მოკლე ვიდეო, რათა გითხრათ, თუ როგორი გაწბილებული ვარ იმით, რაც ამ უქმეებზე მოხდა.

ვიცი, რომ დღეს ყველას უჭირს. მეც, ამდენი ხნით შინ ჩაკეტილს ძმაკაცმა დამირეკა, ჩემთან გამოდიო და სულელურად დავთანხმდი.

არ მინდა ვინმემ იგივე შეცდომა გააიმეოროს. ყველას ვემუდარები დარჩეს სახლში და შეასრულოს ის მითითებები, რომლებიც მოგვცეს.

იმედი მაქვს საქციელს ყველა მაპატიებს, ცხოვრებას გავაგრძელებთ და მომავლის არ შეგვეშინდება. როდესაც ეს ყველაფერი ჩაივლის და ჩვენ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებას განვაგრძობთ”.

100 000 გირვანქას, რომელსაც „ასტონ ვილა” გრილიშს დაუქვითავს, ბირმინგემის საუნივერსიტეტო კლინიკას ჩაურიცხავენ.

ბევრი გამოცემა კი წერს, რომ აღმაშფოთებელი სისულელის ჩადენა და  მერე ერთი მარტივი ბოდიშით გამოძრომა „ვილას” კაპიტანს არ გამოუვა.