იაპონიაში, კუმამოტოს „პარკ დოუმში”, ხელბურთელ ქალთა მსოფლიოს 24-ე ჩემპიონატის II ჯგუფში ესპანეთს რუსეთთან მოგება სჭირდებოდა. რუსეთს, თავის მხრივ ნახევარფინალში თამაში გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ პირველი ადგილით სურდა გასვლა. რუსებს ძალები რომც დაეზოგათ არაფერს დაკარგავდნენ, მაგრამ ისე ითამაშეს, რომ ესპანელებს შანსი არ დაუტოვეს — 36:26.

ამ შეხვედრის შემყურე კაცმა თუ არ იცოდა, ვერც მიხვდებოდა, რომ ესპანელებს აუცილებლად უნდა მოეგოთ, რუსებს კი არა. საბოლოოდ, თავიანთი უნიათობის წყალობით იბერიელებმა თავი შვედეთის და მონტენეგროს თამაშზე დამოკიდებული გახადეს. ნახევარფინალში გასასვლელად შვედებს უკვე ნებისმიერი ანგარიშით მოგება აძლევდათ ხელს.

ვაგლახ, სკანდინავიელებს ფეხი დაუცდათ. მონტენეგრომ მოტივირებულ მეტოქეს კიდევ უფრო მეტი ჟინი შეაგება. პირველი ტაიმი დასრულდა ფრედ 12:12, მეორე ტაიმში კი შვედეთი იძულებული იყო მხოლოდ მდევრის როლს დასჯერებოდა. საბოლოოდ — მონტენეგრომ გაიმარჯვა 26:23.

ამრიგად, II ჯგუფიდან ნახევარფინალში გავიდნენ რუსეთი და ესპანეთი.

ინტრიგებითა და მათემატიკური ვარიანტებით ჩახლართულ I ჯგუფში კი ჰოლანდიამ სამხრეთ კორეას 40:33 აჯობა. თამაშის დახასიათებისთვის საკმარისია ითქვას, რომ კორეელები ერთხელაც ვერ გავიდნენ წინ, ხოლო ევროპელები ცხრაჯერ დაწიანურდნენ 10 ბურთით, რის შედეგადაც 6 ქულა ჩაეწერათ და ცხრილში პირველ ადგილზე ავიდნენ, მაგრამ მაინც სხვებზე დარჩნენ დამოკიდებული.

სხვების საქმე კი ასე იყო: სერბეთმა და დანიამ 26:26 ითამაშეს. სერბები თავიდანვე მიაწვნენ მეტოქეს და პირველი ტაიმის მე-8 წუთიდან მეორე ტაიმის მე-20 წუთამდე წინ იყვნენ. შესვენებამდე, ერთიხანობა 6 ბურთითაც კი დაწინაურდნენ, მაგრამ მეტოქე არ გატყდა. შედეგად, ბოლო 10 წუთი ასეთი გამოვიდა: დაწინაურდებოდნენ დანიელები ერთი გოლით, გაქვითავდენ სერბები — ექვსჯერ განმეორდა ასე. საბოლოოდ, როგორც ვთქვით, მატჩი ფრედ დამთავრდა, სერბებმა იხარეს, დანიელებმა მოიწყინეს, ნორვეგიასა და გერმანიას კი შანსი მიეცათ ფრედ ეთამაშათ და ჰოლანდიელები მესამე ადგილზე ჩაეტოვებინათ.

ნორვეგიემ და გერმანიამ ეს რასაკვირველია არ იკადრეს. პირიქით, მათ ერთმანეთთან ბრძოლას მთელი ძალ-ღონე შეალიეს და მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი ულამაზესი შეხვედრა შემოგვთავაზეს. ეს იყო ხელბურთის ზეიმი საოცარი ტექნიკური ელემენტებისა და გუნდური მოქმდებების გამოყენებით. ნორვეგიამ გაიმარჯვა 32:29.

I ჯგუფიდან ნახევარფინალში გავიდნენ ნორვეგია და ჰოლანდია.

პარასკევს, 13 დეკემბერს, ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდებიან: რუსეთი-ჰოლანდია და ნორვეგია-ესპანეთი.

მეხუთე ადგილისთვის სერბეთი მონტენეგროს დაუპირისპირდება, ხოლო მეშვვიდე ადგილის ბედს შვედეთი და გერმანია გაარკვევენ.