დღეს, იაპონიაში, კუმამოტოს პრეფექტურის ჯიმნაზიუმში, ტიტულისთვის ბრძოლას მსოფლიოს  აწ უკვე ყოფილი ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები გამოკლდა. შეგახსენებთ, რომ ფრანგები ევროპის ჩემპიონებიც არიან, მაგრამ ვაგლახ, მრისხანე ტიტულებმა საქმეს ვერ უშველა.

ფრანგები B ჯგუფში გამოდიოდნენ, სადაც ბედმა თავიდანვე ბოროტად იხუმრა და ექვსი გუნდიდან ხუთი ყოფილი ჩემპიონი შეჰყარა. მე-5 ტურში საფრანგეთმა 18:20 წააგო დანიასთან და ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა. ამრიგად, „სიკვდილის ჯგუფიდან” მეორე ჯგუფურ ეტაპზე მოხვდნენ კორეა, გერმანია და დანია.

გუშინ მოგახსენებდით, რომ A ჯგუფში სერბეთმა ჰოლანდიასთან ძალა დაზოგა, რათა პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს სლოვენებს შეკვდომოდა. ასეც მოხდა — 29:27. თამაში იმდენად დაძაბული და დრამატული გამოდგა, რომ 59-ე წუთზეც კი ანგარიში თანაბარი იყო —27:27. საბოლოოდ, სერბეთმა მაინც მოახერხა მოგება. ბოლო გოლები მატჩის გმირმა, გამთამაშებელმა კრისტინა ლისკევიჩმა გაიტანა, თუმცა ჟიურიმ საუკეთესო მოთამაშედ მისი თანაგუნდელი, ხაზის მოთამაშე ანუ პივოტი სლადნა პოპ-ლაჟიჩი დაასახელა. ამრიგად, სერბთა გუნდი ჯგუფში მესამე ადგილზე დამკვიდრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე ჯგუფურ ეტაპზე კი გადავიდა, მაგრამ იქ ნორვეგია და ჰოლანდია იმთავითვე მასზე წინ იქნებიან.

ნორვეგიისა და ჰოლანდიის შეხვედრა კი ჰოლანდიელთა გამარჯვებით დასრულდა 30:28.

C ჯგუფში ძალიან დრამატული გამოდგა მონტენეგროსა და ესპანეთის თამაში. უშეღავათო ბრძოლა, სადაც უპირატესობა ხელიდან ხელში გადადიოდა დამთავრდა 27:26 ესპანელების გამარჯვებით.

მონტენეგროელები მოჭარბებული ემოციისგან და წაგების სიმწრისგან მატჩის დასრულების შემდეგ ტიროდნენ. ბუნებრივია, მათთვის ძალიან უსიამოვნო გახლდათ იმ ორი ქულის დაკარგვაც, რომელიც შეიძლებოდა მეორე (მთავარ) ჯგუფურ ეტაპზე გადაჰყოლოდათ.

„თამაში კარგად დავიწყეთ, 4:1-ს ვიგებდით, ენერგიაც მოჭარბებულად გვქონდა, მაგრამ ესპანეთმა მდგომარეობა გამოასწორა და მერე დაიწყო ამერიკული ატრაქციონი — ხან ერთი გუნდი ავარდებოდა ზემოთ და ხან მეორე. განსაკუთრებით ცუდი პერიოდი დაგვიდგა ბოლოს, როდესაც 23:19-ს ვიგებდით, მაგრამ უცებ გავტყდით და დავმარცხდით. და მაინც, ვფიქრობ, თავდადების გამო ფრეს ვიმსახურებდით” — თქვა მონტენეგროს ნაკრების მწვრთნელმა პერ იოჰანსონმა.

D ჯგუფში ოლიმპიურმა ჩემპიონმა რუსეთმა ხუთივე თამაში მოიგო.

A ჯგუფი: სერბეთი-სლოვენია 29:27; ანგოლა-კუბა 40:30; ჰოლანდია-ნორვეგია 30:28.

მეორე ჯგუფური ეტაპის I ჯგუფში გავიდნენ: ჰოლანდია, ნორვეგია, სერბეთი.

B ჟგუფი: ბრაზილია-ავსტრალია 31:9; გერმანია-კორეა 27:27; საფრანგეთი-დანია 18:20.

მეორე ჯგუფური ეტაპის I ჯგუფში გავიდნენ: კორეა, გერმანია, დანია.

C ჯგუფი: მონტენეგრო-ესპანეთი 26:27; სენეგალი-ყაზახეთი30:20; რუმინეთი-უნგრეთი 28:27.

მეორე ჯგუფური ეტაპის II ჯგუფში გავიდნენ: ესპანეთი, მონტენეგრო, რუმინეთი.

D ჯგუფი: იაპონია-ჩინეთი 35:18; არგენტინა-კონგო 25:16; რუსეთი-შვედეთი 30:22.

მეორე ჯგუფური ეტაპის II ჯგუფში გავიდნენ: რუსეთი, შვედეთი, იაპონია