თბილისის ოლიმპიურ სასახლეში განახლდა ხელბურთელ კაცთა საქართველოს ჩემპიონატი. სპორტის უნივერსიტეტმა მოუგო წყალტუბოს „პრომეთეს” 35:20, ხოლო „სამტრედიამ” ქვეყნის 2017 წლის ჩემპიონი „იმედი-სტუ” სძლია 41:33.
სამტრედიელთა და „იმედი-სტუს” თამაშის შედეგი ერთი შეხედვით მოულოდნელია, მაგრამ „იმედი-სტუ” წლეულს შეცვლილი შემადგენლობით ასპარეზობს.
ხვალ ოლიმპიურ სასახლეში კიდევ ორი მატჩია: 16 საათზე „სპორტუნი” შეხვდება „სამტრედიას”, ხოლო 18 საათზე „იმედი-სტუ” „წყალტუბოს”.
დასავლეთის ოთხეული – BSB ბათუმი, „ქუთაისი”, „პეგასი” და „გორი” მეოთხე-მეხუთე ტურის მატჩებს 3-4 დეკემბერს ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართავს. პირველი წრე 18 დეკემბერს დასრულდება.
საქართველოს ჩემპიონატი ტრადიციული სისტემით მიმდინარეობს: სამწრიანი რეგულარული ტურნირის შემდეგ ოთხი საუკეთესო გუნდი შექმნის ეგრეთწოდებულ „ფინალურ ოთხეულს” და ნახევარფინალებს, მესამე ადგილისთვის მატჩსა და ფინალს ითამაშებს.