გაიცანით: 16 წლის კაფანდარა ფორვარდი. ფატი კატალონიელ ქომაგებს ახალ იმედად მოევლინა და უკვე კლუბის ისტორიის გადაწერაც მოახერხა. სეზონის სტარტზე „ბარსას“ პრობლემები აქვს. თითქოს მესის ტრავმა არ კმაროდაო და გასულ ტურში გუნდმა უსამა დემბელე და ლუის სუარესიც მოისაკლისა.
მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს მეტი არაფერი დარჩენოდა და კლუბის აღსაზრდელებს მისცა შანსი – 16 წლის ფატის და 21 წლის კარლეს პერესს. პერესი შეცვლებზე შარაშანაც თამაშობდა, წლეულს კი ბოლო ორ ტურში სულაც ძირითადშია. რაც შეეხება ფატის, სამწლიანი კონტრაქტი მხოლოდ ივლისში გაუფორმეს და გამოსასყიდად 100 მილიონი ევრო დაუთქვეს.
ფატის დებიუტი „ბეტისთან“ შედგა, როცა 78-ე წუთზე გოლის ავტორი პერესი შეცვალა.
დანარჩენი უკვე ისტორიაა: ფატი ბოლო 78 წლის განმავლობაში ყველაზე ახალგაზრდაა, ვინაც ბარსელონელთა მაისურით მოედანზე გასულა.
სხვათა შორის, ამ მატჩში მის გამოსაყენებლად „ბარსას“ ფატის მშობლების წერილობითი თანხმობა დასჭირდა – ლა ლიგა ღამის თამაშებში არასრულწლოვანებს მშობლების ნებართვის გარეშე მონაწილეობას უკრძალავს.
ზღაპარი ამით არ დასრულებულა: ლიდერებმა ფორმა ვერც „ოსასუნასთან“ მატჩისთვის აღიდგინეს და ვალვერდემ ანსუ ფატი მეორე ტაიმში შეუშვა მოედანზე. უკვე ექვს წუთში მან პერესის პასით გოლი გაიტანა. ამიერიდან ვვინეა-ბისაუელი ბიჭი ყველაზე ახალგაზრდაა, ვისაც „ბარსელონას“ მაისურით ესპანეთის ჩემპიონატში გაუტანია.
ლეო მესიმ მასთან საერთო ფოტო გადაიღო, საკუთარ სოცქსელში დადო და შეაქო. ერთ დღეში ფატის აქაუნთზე სოციალურ ქსელში ხელმომწერთა რაოდენობა 20 ათასიდან ნახევარ მილიონამდე გაიზარდა.