ვულვერჰემპტონში „მანჩესტერ იუნაიტედს“ მოგება და პრემიერლიგის თავში მოქცევა შეეძლო, მაგრამ პოლ პოგბამ თავისივე მონადირებული პენალტი ვერ გაიტანა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

გულშემატკივარს ეგონა, რომ ვინაიდან, წინა ტურში „ჩელსისთან“ პენალტი მარკუს რეშფორდმა შეაგდო, ამჯერადაც ის მივიდოდა თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან, მაგრამ პოგბამ გადაწყვიტა პასუხისმგებლობა თვითონ ეტვირთა.

შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული პოგბამ უკვე მეოთხე თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა, რაც, უთუოდ ცუდი სტატისტიკაა. „ვულვზთან“ შეხვედრაში მისი დარტყმა პორტუგალიელმა მეკარემ რუი პატრისიუმ მოიგერია.

მატჩი რომ დამთავრდა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და ტელემიმომხილველმა გარი ნევილმა თქვა:

„როდესაც პოგბა ბურთთან მივიდა, ვიფიქრე, რომ ფრანგი მისთვის ჩვეულად, ეგოისტურად იქცეოდა. რატომ უნდა მოგივიდეს თავში აზრად სხვისთვის პენალტის წართმევა? ეს უსინდისობაა, მაგრამ ამ სიტყვის წარმოთქმისგან ამჯერად თავს შევიკავებ, რადგან ასეთი ახსნა მოვიფიქრე: ხომ შეიძლება, „ჩელსისთან“ თამაშის დროს რეშფორდმა სთხოვა პოგბას პენალტი დამარტყმევინეო და ახლა პოგბამ თავისი უფლება დაიბრუნა.

მაგრამ, ასე იყო თუ ისე, რაც ხდება არ მომწონს. გუნდში მსჯელობა იმის შესახებ, ვინ დაარტყამს თერთმეტმეტრიანს, საერთოდ არ უნდა იყოს. არასდროს!

არაერთხელ გვინახავს, როგორ არტყამს პოგბა პენალტს და აცილებს. რეშფორდმა კი წინა ტურში „ჩელსის“ გაუტანა. ჰოდა, დაერტყა ამჯერადაც რეშფორდს, რად უნდოდა ამას ბევრი მსჯელობა? ეზოში ხუთი ხუთზე ხომ არ თამაშობ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ პენალტია, რომელსაც საგანგებო მნიშვნელობა აქვს. თერთმეტმეტრიანს ვინ არტყამს, ეს ხომ წინასწარ უნდა იყოს ცნობილი“.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა კი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მომხდარი ასე ახსნა:

„ჩვენს გუნდში ორი პენალტისტია, პოგბა და რეშფორდი. მოედანზე სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ, რომელი დაარტყამს ამა თუ იმ კონკრეტულ პენალტს.

ხანდახან ფეხბურთელი გრძნობს, რომ საკუთარ თავში დარწმუნებულია. პოლს ჩვენთვის ბევრი პენალტი გაუტანია, მაგრამ ამჯერად რუი პარტრისიუმ დიდებულად ითამაშა“.

სოციალურ ქსელებში ფანებმა მკაცრად აგააკრიტიკეს პოლ პოგბა. გაკვირვება გამოთქვა გარი ლინეკერმაც, მაგრამ ამას ახლა აღარაფერი უშველის — ორი ტურის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ექვსის ნაცვლად ოთხი ქულა აქვს და პირველის ნაცვლად მეოთხე ადგილზეა.