ტრაგედია დატრიალდა სამხრეთ კორეის ქალაქ კვანჯუში, სადაც წყლის სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს.

ერთერთ ღამის კლუბში, აშშ-ს დელეგაციის მიერ ორგანიზებული წვეულება იმართებოდა, რომელიც სულაც არ გულისხმობდა, რომ იქ მხოლოდ ოკეანისგაღმელი სპორტსმენები უნდა ყოფილიყვნენ. წვეულებაზე რამდენიმე ქვეყნის ათლეტები ერთობოდნენ და მოულოდნელად ყველაფერი საშინელებაში გადაიზარდა. ადამიანების ნაწილი ღამის კლუბის აივანზე იმყოფებოდა, რა დროსაც ის ჩაინგრა… შედეგად 2 დაიღუპა და  13 ადამიანი დაშავდა. გარდაცვლილთაგან სპორტსმენი არ ყოფილა.

დაშავებულებიდან  9  სხვადასხვა ქვეყნიდანაა. 4 ამერიკელი, 2 ახალზელანდიელი, თითო-თითო ჰოლანდიელი, იტალიელი და ბრაზილიელი. ბრაზილიელის გარდა ყველანი წყალბურთელები არიან.

„ერთის გარდა, ყველა სპორტსმენი საავადმყოფოდან მალევე გაეწერა. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს, თუმცა მოტეხილობა ან სიცოცხლისთვის საშიში ტრავმები არ აღენიშნებოდათ. შემდგომი გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი სპორსტმენი რჩება,“ – ნათქვამია ტურნირის  საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებაში.

„აივანზე ვცეკვავდით, რამდენიმე წამში კი 5-6 მეტრის სიმაღლიდან ქუჩაში გადავცვივდით. ადამიანები პანიკამ მოიცვა. ისინი კლუბიდან ყვირილით გარბოდნენ. მახსოვს, ჩემამდე ჩავარდნილ და ასფალტზე დავარდნილ ადამიანებს ზემოდან დავეცი და ალბათ, ამანაც გადამარჩინა რომ სერიოზული დაზიანებები არ მივიღე,“ – ამბობს ადგილობრივ მედიასთან საუბარში ახალი ზელანდიის წყალბურთელთა ნაკრების კაპიტანი მეტ სმიტი.

„მომხდარით შეძრულნი ვართ და თანაგრძნობას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო სპორტსმენებს მალე გამოჯანმრთელებას. FINA ყურადღებით დააკვირდება გამოძიებას და მზად არის საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის ხარჯების დაფარვაში სპორსტმენებს დახმარება აღმოუჩინოს,“ – ეს ამონარიდია  წყლის სახეობათა საერთაშორისო ფედერაციის განცხადებიდან.

 

წილი
წინა სტატიანიკა, მონრეალი, ცინცინატი…
შემდეგი სტატიაგაიფიცა თუ კუჭი აეშალა?
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.