ალჟირმა აფრიკის თასი მოიგო. ეგვიპტეში, ფინალურ შეხვედრაში, მან 1:0 მოუგო სენეგალს და ისტორიაში მეორედ (29 წლიანი „შიმშილის” შემდეგ) დაეუფლა კონტინენტის მთავარ სანაკრებო ჯილდოს. შეხვედრის ერთადერთი გოლი ბაღდად ბუნეჯამ მე-2 წუთზე გაიტანა.

გოლი ერთგვარად ალჟირელთა იღბლის თუ სენეგალელთა უიღბლობის ელემენტს შეიცავდა. იხილეთ ქვემოთ ვიდეო და დაგვეთანხმებით, რომ ისეთი რიკოშეტი, ამ ეპიზოდში რომ მოხდა, ჩვეულებრივ არ ხდება ხოლმე. ბუნეჯას დარტყმული ბურთი სალიჰ სანესგან, ძალიან მაღლა აფრინდა და ისე ჩაეშვა კარში.

სხვათა შორის, „ნაპოლის” ფეხბურთელის კალიდუ კულიბალის დისკვალიფიკაცია რომ არა, სანე ამ შეხვედრაში ალბათ არ ითამაშებდა.

აღსანიშნავია, რომ ალჟირმა ამავე შეჯიბრებაში, სენეგალი ჯგუფურ ეტაპზეც დაამარცხა. პრინციპში, ალჟირელთა გამარჯვება არც ფინალში იწვევდა ეჭვს. ცნობილმა ლივერპულელმა სადიო მანემ და მისმა თანაგუნდელებმა მეკარე რაის მ’ბოლის რეალურად მხოლოდ ერთხელ აჭამეს ხეირიანი შიში.

თავის მხრივ, არც ალჟირს უთამაშია ლამაზი ფეხბურთელი. პირველ ტაიმში დაცვაში ჩაჯდა და ყველა ხერხით, მათ რიცხვში უხეშობით ცდილობდა ანგარიშის შენარჩუნებას. სენეგალმა სახიფათო ადგილებში ერთი-ორი ჯარიმა კი მოიპოვა, მაგრამ ვერაფერი მოახერხა.

თავის მხრივ, რიად მაჰრეზი მართალია ბურთს იშვიათად ფლობდა, მაგრამ როცა მიიღებდა, მეტ-ნაკლებად სახიფათო კონტრშეტევებს აწყობდა.

მეორე ტაიმში მსაჯმა ადლენ გუედიურამ სენეგალელთა სასარგებლოდ პენალტის დანიშვნა გადაწყვიტა — მას ალჟირელთა მხრიდან ხელით თამაში მოეჩვენა, მაგრამ ვიდეორეფერიმ არბიტრის გადაწყვეტილება გააუქმა.

სენეგალელებს კიდევ ერთი ეპიზოდი ჰქონდათ, როდესაც „რენის” გარემარბმა ისმაილა სარმა ხარიხას გაარტყა ბურთი.