„მანჩესტერ იუნაიტედმა” „ინტერს” გამოუცხადა, რომ 75 მილიონ გირვანქას გროშ-კაპიკს არ დააკლებს. ლაპარაკია ბელგიელი რომელუ ლუკაკუს „ოლდ ტრეფორდიდან” „სან სიროზე” გადაბარგებაზე.
ვაჭრობა „იუნაიტედის” ლონდონურ ოფისში მილანელთა სპორტულ დირექტორ პიერო აუსილიოსა და ინგლისური კლუბის ვიცე-თავმჯდომარეს ედ ვუდვორდს შორის შედგა.
ცნობილია, რომ „ინტერის” ახალი მწვრთნელი, „ჩელსიში” ნამუშევარი ანტონიო კონტე ლუკაკუს შეძენით დაინტერესებულია. თავად ლუკაკუ კი „მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად ავსტრალიაში იმყოფება შეკრებაზე, ოღონდ მცირე ტრავმის გამო გუშინ არ უვარჯიშია. მოედნის კიდიდან უყურებდა თანაგუნდელებს.
რა აზრისაა ბელგიელი ფორვარდი „იუნაიტედიდან” წასვლაზე? მას მიაჩნია, რომ გასულ სეზონში იშვიათად ათამაშებდნენ და ოლე გუნარ სულშერს გამოუცხადა, რომ სხვაგან გადასვლა უჯობს.
ამ მომენტისთვის ერთადერთი პრობლემა იკვეთება: „ინტერს” იმედი ჰქონდა, რომ 65 მილიონ გირვანქაში ჩაეტეოდა. არადა, „იუნაიტედს” თავისი ანგარიში აქვს. მაგალითად, თუ ტრანსფერი გაიჩარხება, 5 მილიონი „ევერტონმა” უნდა მიიღოს, საიდანაც ბელგიელი მანჩესტერში 2017 წელს გადაბარგდა.
„ინტერი” და „მანჩესტერ იუნაიტედი” 20 ივლისს, შანხაიში, ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.