35 წლის ფერნანდო ტორესმა დაადასტურა, რომ თამაშს თავს ანებებს. დიდი ვეტერანი კვირას პრეს-კონფერენციის მოწვევას აპირებს.
„ლივერპულისა” და „ჩელსის” ყოფილი ფორვარდი თავისი ბავშვობის გუნდიდან, მადრიდის „ატლეტიკოდან” ბოლოს იაპონიაში, „საგან ტოსში” გადაბარგდა და აგორა ბურთი.
საკლუბო ფეხბურთში მისი კარიერის მწვერვალი, რასაკვირველია, „ლივერპულში” თამაში იყო, სადაც 2007 წელს მადრიდიდან გადავიდა. „ენფილდიდან” „სტემფორდ ბრიჯზე” გადაბარგებამდე კი „ელ ნინიოდ” ანუ ბავშვად წოდებულმა ვარსკვლავმა 142 შეხვედრაში 81 გოლი გაიტანა.
„ჩელსიში” ტორესი ძველებურად ვეღარ ბრწყინავდა, მაგრამ ტიტულების მხრივ, იცოცხლე — ჩემპიონთა ლიგაც მოიგო, ევროლიგაც და ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასიც.
ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ტორესმა 110 შეხვედრა ჩაატარა და 38 გოლი გაიტანა. „ლა როხაში” ამაზე უკეთესი შედეგი მარტო რაულს და დავიდ ვილიას აქვთ.
სხვაზე ნაკლებად გულშემატკივარს ალბათ ის დაამახსოვრდება, რომ ფერნანდო ტორესმა რაღაც პერიოდი „მილანშიც” გაატარა.
საინტერესოა, რომ ესპანელი ფორვარდის წასვლას ყველაზე გულმხურვალედ „ჩელსის” ფანები ეხმაურებიან. მათ დაწერეს:
„რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ მაინც გვეხსომები! არ დაგვავიწყდება ის დიდებული გოლი „ბარსას” კარში და ის კუთხური მიუნხენში. ფერნანდო ტორესი „ჩელსის” 9 ნომერია!”
„ბედი გწყალობდეს, „ელ ნინიო”, შენ ჩემთვის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელად დარჩები”, — ხმა შეუერთა ლონდონელებს „ლივერპულის” ერთ-ერთმა ფანმა.