მარკო ტარდელის ლეგენდარული ზეიმი

„იუვენტუსმა” მორიგი სკუდეტო მოიპოვა, მაგრამ „ბებერი ქალბატონის” ზეიმს მაინც მწარე გემო ახლდა — ტურინელები ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გავარდნენ. ყველასთვის მოულოდნელად ისინი შეჯიბრებიდან „აიაქსმა” გამოთიშა.

და იტალიურ მას-მედიაში სერია A-ს ჩემპიონობაზე მეტად სწორედ ამსტერდამის ახალგაზრდულ გუნდთან გამოვარდნაზე ლაპარაკობენ. მრავალ ექსპერტს თავისი ხმა ლეგენდარულმა მარკო ტარდელიმაც შეაშველა.

მარკო ტარდელის „იუვენტუსში” ათი სეზონი აქვს ნათამაშები (1975-1985) და თუკი ვინმე კარგად იცნობს „ბებერ ქალბატონს”, ეს უპირველეს ყოვლისა სწორედ ტარდელია. თუმცა, იტალიის გარეთ ტარდელი უკეთ ახსოვთ, როგორც 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, რომელმაც ფინალში, დასავლეთ გერმანიის ნაკრებს გოლი გაუტანა და გიჟურად იზეიმა. მისი შეშლილი გამომეტყველება დღემდე მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია.

აი, რა თქვა ტარდელიმ „იუვეში” შექმნილ მდგომარეობასა და კერძოდ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ:

„ვფიქრობ, რონალდუს „აიაქსთან” მეტი მართებდა. საერთოდაც, მისი ფაქტორი გუნდზე თავისებურად მოქმედებს. ვგონებ, ზოგი ფეხბურთელი კრიშტიანუს გვერდით უფრო ითრგუნება და ცუდად თამაშობს, ვიდრე მაშინ, როდესაც ის მოედანზე არ არის. ერთ-ერთი მათგანია პაულო დიბალა”.

„აიაქსთან” დამარცხების შემდეგ იტალიურ მას-მედიაში დაირხა ხმა, რომელთა წარმოშობაზეც ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ მათ მიხედვით რონალდუ „იუვენტუსს” დატოვებს. საკუთრივ ფეხბურთელმა ეს ხმები უარყო.

„ჩემპიონთა ლიგაში მომავალ სეზონში უკეთ ვითამაშებთ. „იუვენტუსში” 100 პროცენტით თუ დავრჩები? არა, მე „იუვენტუსში” 1000 პროცენტით დავრჩები”, — თქვა მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო მოთამაშემ.