არგენტინელმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ განაცხადა, რომ ამ სეზონში ჯაშუშობდა ყველა გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც მისი „ლიდს იუნაიტედი” შეხვდა. ბიელსას სიტყვებმა ინგლისში მოწმენდილ ცაზე გავარდნილი მეხის ეფექტი მოახდინა. შეგახსენებთ, რომ ის მსოფლიოს ბევრი საუკეთესო მწვრთნელის, მათ რიცხვში პეპ გვარდიოლას მენტორი, მოძღვარი და გურუა.
ქარიშხალი მას მერე ამოვარდა, რაც ბიელსას წამოცდა, რომ მან თავისი სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი წევრი საჯაშუშოდ „დერბი ქაუნთის” ვარჯიშზე შეაგზავნა. „ლიდსი” ჩემპიონშიფის ლიდერია.
სახელდახელო პრეს-კონფერენცია ბიელსამ გუშინ მოიწვია. „ლიდსის” გულშემატკივრებს შეეშინდათ, რომ არგენტინელი, რომლის ხელშიც მათი საყვარელი გუნდი პრემიერლიგისკენ მიიწევს, გადადგომის შესახებ გააკეთებდა განცხადებას, მაგრამ, ასე არ მოხდა. არაორდინალურმა არგენტინელმა ჟურნალისტებს წაუკითხა 66 წუთიანი ლექცია გრაფიკების, სტატისტიკის, ფოტოების და ვიდეოების მოხმობით.
„მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დავაკვირდით ყველა მეტოქეს, ვისაც კი მიმდინარე სეზონში შევხვდით. ჩვენ ვნახეთ მათი ვარჯიშები „ლიდსთან” თამაშის წინ. ეს ბოროტი განზრახვით და არასპორტული მიზნებით არ გამიკეთებია, უბრალოდ მეტოქის ვარჯიშის თვალთვალი აკრძალული არ არის. ამით ჩვენ არანაირი ნორმა არ დაგვირღვევია”, — თქვა ბიელსამ პრეს-კონფერენციაზე.
შემდეგ, არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა დასძინა: „კი ბატონო, ვიმსჯელოთ ჩემს საქციელზე. მესმის, რომ ის ლამაზად არ ჩანს, მაგრამ ვიმეორებ, კანონი არ დაგვირღვევია. ამასთან, დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი რაც კანონიერია ყოველთვის სწორი არ არის. და ყველაფერი რაც ლამაზად არ ჩანს, ცუდი განზარხვით როდი კეთდება. ბევრი მწვრთნელი, ყოფილი და მოქმედი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ჩემი საქციელი არავის მიმართ უპატივცემულობას არ ნიშნავდა.
ხმაური მას მერე ატყდა, რაც „დერბი ქაუნთიმ” გვიჩივლა და ფეხბურთის ლიგამ გამოძიება წამოიწყო. შესაბამისად, ფეხბურთის ლიგა შეაფასებს კიდეც, ჩემი საქციელით რომელიმე კლუბის ან საკუთრივ ლიგის პრესტიჟი შევლახე თუ არა.
მე თავადაც ვაპირებ გამოძიებას საქმე გავუიოლო. ვისაც საჭიროა თავად მივაწვდი ნებისმიერ ინფორმაციას და იმავდროულად ვაცხადებ, რომ ჩემი საქციელი უკიდურესად რადიკალურად შეაფასეს.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ერთხელაც დაუფარავად გეუბნებით, რომ მარტო „დერბის” კი არა, ჩვენ დავაკვირდით ყველა იმ მოწინააღმდეგის ვარჯიშს, ვისაც კი ამ სეზონში შევხვდით”.
შემდეგ ბიელსამ ზემოხსენებული გრაფიკების და სტატისტიკის გამოყენებით აღწერა, თუ როგორ გააანალიზა „დერბი ქაუნთის” უკლებლივ ყველა შეხვედრა 2017-18 წლების სეზონიდან მოყოლებული და დასძინა, რომ თითო თამაშის ანალიზს 4 საათი სჭირდებოდა. ეს კი მას იმის დასამტკიცებლად სჭირდებოდა, რომ მას მეტოქეზე ინფორმაცია ვარჯიშზე შეპარვის გარეშეც ჰქონდა.
ბიელსამ განაგრძო: „როდესაც მეტოქე გუნდს აანალიზებ, სპეციფიკურ ინფორმაციას ეძებ. ცდილობ გამოიცნო სასტარტო შემადგენლობა, ტაქტიკა, რომელსაც ის გამოიყენებს და როგორ თამაშობს სტანდარტულ სიტუაციებში. აი, ეს გახლავთ სამი ძირითა პუნქტი, რომლის ამოცნობასაც მწვრთნელები ეშურებიან. და როდესაც შენთან შეხვედრის წინა დღეს მეტოქის ვარჯიშს უყურებ, ინფორმაცია, რომელიც აქამდე გქონდა მოპოვებული ან გიდასტურდება ან არა.
პირადად მე მეტოქის თამაშის მისახვედრად ვარჯიშების ყურება არ მჭირდება. მაშ, რატომ ვუთვალთვალებთ? იმიტომ, რომ აკრძალული არ არის. ნამდვილად არ ვიცოდი ჩვენს საქციელს ამხელა რეზონაანსი თუ მოჰყვებოდა, მითუფრო, რომ მეტოქის თვალთვალი პირადად მე თამაშის გემოს, ეშხს და მოულოდნელობას მიკარგავს.
ასე რომ გთხოვთ, ჩემი განზრახვების მიხედვით განმსაჯოთ, თორემ, გიმეორებთ, პირადად მე ეს თვალთვალი არაფრად მჭირდება.
და კიდევ ერთხელ, მაშ რატომ ვუთვალთვალებდი? ალბათ, სულელი ვარ და იმიტომ!”
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…