„ლეგანესმა” რომელიც ახლა „ლა ლიგას” ცხრილში მე-18 ადგილზეა თვით „ბარსელონა” დაამარცხა 2:1. თან, „ბლაუგრანა” მე-12 წუთზე უკვე იგებდა, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა. წარმატებამ პატარა ესპანური გუნდი გაახარა, მაგრამ როგორც მისი მეკარის ივან კუელარის მატჩისშემდგომი ინტერვიუდან ჩანს, მისი ფეხბურთელები დიდი მეტოქის დიდი ვარსკვლავების საქციელმა გაანაწყენა კიდეც.
„როდესაც მარცხდები გამარჯვებულ გუნდს უნდა მიულოცო. ჩვენთან კი ბარსელონელთაგან არავინ მოსულა. ჩემი აზრით ეს მათი მხრიდან ცუდი საქციელი იყო”, — თქვა 34 წლის კარის მცველმა.
„ბარსელონამ” სეზონი შესანიშნავად დაიწყო, პირველი ოთხი თამაში მოიგო, მაგრამ შემდეგ ჯერ „ჟირონასთან” წაიფორხილა (2:2), შემდეგ კი „ლუგანესთან” იწვნია მარცხი.
მატჩის შემდეგ „ბარსას” მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ თქვა: „ხანდახან ასეთი დამარცხების შემდეგ ძნელია ახსნა, რა მოხდა. რასაკვირველია, ძალიან იმედგაცრუებულები ვართ”.
ბოლო 6 შესაძლებლობიდან მხოლოდ 1 ქულის მოპოვების მიუხედავად „ბარსელონა” მაინც ლიდერია. მას 13 ქულა აქვს, იმდენივე, რამდენიც „რეალს”, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობის გამო პირველ საფეხურს იკავებს.
მოგეხსენებათ, ბოლო ტურში ვერც მადრიდელებმა ივარგეს. მათ სევილიაში 3:0 წააგეს.
ხვალ „ბარსელონა” ბილბაოს „ატლეტიკს” მასპინძლობს, „რეალს” კი მადრიდული დერბი ელის, „ატლეტიკოს” წინააღმდეგ.