მადრიდის “ატლეტიკო“ ის გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გარდა, ტიტულებს ჭერში აწყობს. აგროვებს და აგროვებს, აი, სუპერთასი სულაც მესამედ მოიგო. 2010, 2012 და  მესამედ ახლა, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში.

აბა, გადაავლეთ თვალი, ბოლო წლებში თითქოს ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ “რაელი“-“ატლეტიკოს“ შეხვედრა თუ ჩემპიონთა ლიგაზეა, “სამეფო კლუბი“ იგებს, დანარჩენ შემთხვევებში კი დიეგო სიმეონეს გუნდი უფრო ხშირად იმარჯვებს.

ძირითადი დრო 2:2, დამატებითში კი ორი გოლი და 4:2 – მაგარია სიმეონეს “ატლეტიკო“ და გავბედავთ თქმას, ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება. კიდევ უფრო მონსტრი გახდა, შემადგენლობა შეინარჩუნა და კიდევ დაამატა რამდენიმე კაცი. ისე, გაისად ფინალი სწორედ “ატლეტიკოს“ სტადიონზე იქნება. ესეც გავითვალისწინოთ. მთავარია, ფინალში იმას არ შეხვდეს, ვისაც დღეს მოუგო.

დიეგო კოშტამ 49-ე წამზე გაიტანა კოხტა გოლი და მერე, მე-80 წუთზე სწორედ მან გაათანაბრა და დამატებითში გადაიყვანა საქმე. მანამდე კი იყო “ატლეტიკოს“ ყველაზე დიდი მტრების, კარიმ ბენზემასა და სერხიო რამოსის გოლები.

დამატებითში კი “როხიბლანკოს“ დაგეშილი ნახევარმცველების გოლების დრო მოვიდა. საულმა და კოკემ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენეს. ეს არაა ჩემპიონთა ლიგა, აღარც კრიშტიანო რონალდუა  “რეალში“, აღარც ზინედინ ზიდანი…