მალკომის გატაცებით გამწარებული „რომას” პრეზიდენტი ამბობს, „ბარსელონამ” ლიონელ მესი მომცეს და დანაშაულს გამოსყიდულად ჩავუთვლიო. მოგეხსენებათ, 21 წლის ბრაზილიელი გარემარბი თვითმფრინავში ჩაჯდომასღა ელოდა იტალიის დედაქალაქში რომ ჩაფრენილიყო და კლუბთან ხელშეკრულება გაეფორმებინა, როდესაც საქმეში ესპანეთის ჩემპიონი ჩაერთო, მეტი ფული გადაიხადა და რომის აეროპორტში მომლოდინე იტალიელ გულშემატკივარს თავი ბრიყვებად აგრძნობინა. ერთი სიტყვით, მალკომი რომის ნაცვლად ბარსელონას გაემგზავრა და „ბლაუგრანასთან” 50,6 მილიონ ევროიანი ტრანსფერი გააფორმა.

არადა „რომას” უკვე „ტვიტერზე” ჰქონდა ჰქონდა ოფიციალურად  დაწერილი, ვადასტურებთ, რომ ესა და ეს ფეხბურთელი შევიძინეთ, ახლა ჩამოვა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რამდენიმე წვრილმან პირადულ საკითხსაც შეათანხმებს და კონტრაქტს ხელს მოაწერსო. მოკლედ, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.

„რომას” გაწბილებულმა პრეზიდენტმა ჯიმ პალოტამ Sirius XM-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა: „მალკომთან შეთანხმებულები ვიყავით, როდესაც „ბარსა” არაეთიკურად და ამორალურად ჩაერთო საქმეში. მათ კარგად იცოდნენ, რომ ჩვენ შორის ყველაფერი მოგვარებული იყო.

მეც აშემიძლია „ინტერს”, „ბაიერნს” ან ნებისმიერ სხვა კლუბს ფეხბურთელისთვის ვებრძოლო. ჩვენ ყველანი ერთნაირ დღეში ვართ და არის რაღაც ნორმები, რომელთაც ვიცავთ. ვიცი, გამოჩნდება ხალხი, რომელიც იტყვის, რომ მალკომთან ხელშეკრულება გაფორმებული არ გვქონდა და „ბარსელონას” ამით გაამართლებს. სისულელეა. ყველამ კარგად ვიცით, როგორც ხდება. როდესაც ეს ბიჭები კლუბებში სამედიცინო შემოწმებაზე ჩამოდიან, ყველაფერი დამთავრებულია. მერე ხელის მოწერაღა რჩება.

ასეთ დროს ყველა კლუბმა იცის, რომ აღარ უნდა ჩაერიოს, „ბარსა” კი ჩაერია. „ბორდოსაც” არ უნდა გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა. მათი ქცევა სასაცილო იყო. უხერხულა შეთანხმების მერე მიხვიდე და თქვა: „იცით, ჩვენ ხელშეკრულება იურიდიულად ჯერ არ გვქონდა გაფორმებული, და….” არადა, მანამდე გვეკითხებოდნენ, უკვე ხომ შეიძლება „ტვიტერზე” დავდოთ, რომ ჩვენი ფეხბურთელი „რომაში” გადავიდაო.

„ბარსელონამ” თავისი საქციელისთვის ბოდიში მომიხადა, მაგრამ მე ამ ბოდიშს არ ვიღებ. ნამდვილი ბოდიში ის იქნებოდა, წართმეული ფეხბურთელი ჩვენთვის რომ დაებრუნებინათ, მაგრამ ფაქტია ეს არ მოხდება. ამიტომ, ამიერიდან მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ჩაითვალოს მათი მხრიდან კეთილი ნების ჟესტად — მესის თუ მოგვცემენ”.