„ბაიერნის” პრეზიდენტმა ული ჰიონესმა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ილაპარაკა და თქვა, რომ ფეხბურთელების რაოდენობა აუცილებლად შემცირდება.
„გუნდში ძალიან ბევრნი არიან, — მკაფიოდ განაცხადა მან, — აუცილებელია ორი-სამი ფეხბურთელის გასხვისება. საშობაოდ მაინც”.
„შპორტ ბილდი” წერს, რომ თავიდან მოშორების ყველაზე სავარაუდო კანდიდატები არიან ჯერომ ბოატენგი, რომლის ტრანსფერზეც ამ ბოლო დროს ხშირად ლაპარაკობენ და ნახევარმცველი არტურო ვიდალი.
ბოატენგს ძირითადად „პარი სენ ჟერმენთან” აკავშირებენ. ჰიონესმა თქვა: „ჯერ კონკრეტული შემოთავაზება არ ყოფილა. რომ ყოფილიყო, აუცილებლად განვიხილავდით. ამ წუთას ბოატენგის ტრანსფერი აქტუალური არ არის”.
მიუხედავად იმისა, რომ არტურო ვიდალი „ინტერის” ინტერესის საგანს წარმოადგენს, როგორც ჩანს, არც მის გამო გადაუდგამს ვინმეს კონკრეტული ნაბიჯი. შესაძლოა მყიდველი კლუბები ბაზრის დახურვის მოახლოებას ელოდებიან.
ტიაგო ალკანტარაზე კი ამბობენ, რომ ის შეიძლება გუნდისთვის უფრო სასურველ მოთამაშეში გაცვალონ, თუმცა როდესაც ამის შესახებ ჰკითხეს ჰიონესმა უპასუხა: „ეს უკვე მწვრთნელს უნდა ჰკითხოთ, მე კი არა”.
მუდმივი თემაა ხამეს როდრიგესი და მისი „რეალში” დაბრუნებაც. კოლუმბიელი მადრიდელებს მიუნხენში 2019 წლამდე იჯარით ჰყავთ გაშვებული. ჰიონესმა თქვა: „ამ საკითხზე არც მადრიდელებს უთქვამთ რამე და არც თავად ფეხბურთელს. რომც ეთხოვათ, უარს ვეტყოდით, რადგან ჩვენ ის გვჭირდება”.
მეორე მხრივ, დღეს არ არის ცნობილი რას იზამს „ბაიერნი” 2019 წელს, შეიძენს ხამესს მუდმივმოქმედი კოტრაქტით თუ „რეალში” დააბრუნებს.
„მადლობა ღმერთს წინ კიდევ ერთი წელიწადია,” — თქვა ჰიონესმა, რომელსაც ახლანდელი ხელშეკრულების თანახმად თუ საქმე დატოვებაზე მიდგება, გაისად ზაფხულზე კოლუმბიელში 42 მილიონი ევროს გადახდა მოუხდება.