კეილორ ნავასის მფარველი ანგელოზი

Home აქეთურ-იქითური კეილორ ნავასის მფარველი ანგელოზი
კეილორ ნავასის მფარველი ანგელოზი

ამბობენ, რომ კვირას, მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ესპანელების კარს დავიდ დე ხეა აღარ დაიცავს. მის ნაცვლად ძელებს შორის 23 წლის ბილბაოელი კეპა არისაბალაგა ჩადგებაო.

დე ხეა „მანჩესტერ იუნაიტედის” გოლკიპერია, მას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს უწოდებენ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ მიმდინარე მონდიალზე, სამ შეხვედრაში კარში სულ ექვსჯერ დაურტყეს და ხუთი გოლი გაუშვა.

ასეთი შესავალი იმიტომ გავაკეთეთ, რომ დე ხეაცა და კეპაც ის მეკარეები არიან, რომელთა შეძენაც ძალიან უნდა მადრიდის “რეალს”, უფრო სწორედ მის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს. მეტიც, იანვარში კეპას „ატლეტიკიდან” „რეალში” გადაყვანას წინ აღარაფერი ედგა, მაგრამ ბოლოწამს მადრიდელთა აწ უკვე წასულმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გარიგება ჩაშალა.

ზიდანისა და პერესის უთანხმოების მიზეზიც სწორედ ის იყო, რომ ფრანგი თავკაცი თავის ფავორიტ მეკარეს კოსტა რიკელ კეილორ ნავასს იცავდა და ამბობდა, რომ სხვა გოლკიპერი არ სჭირდებოდა. აღსანიშნავია, რომ 31 წლის ნავასი მონდიალზე კარგად თამაშობს და ის, რომ კოსტა რიკა შეჯიბრებას ნაადრევად გამოეთიშა, მისი ბრალი იოტისოდენადაც არ არის.

და აი, მადრიდიდან გავრცელდა ხმა, რომ „რეალი” ნავასის მფარველ ანგელოზად ცნობილმა მეკარეთა მწვრთნელმა ლუის ლოპისმა დატოვა. ლოპისი, რომლის მხარში დგომითაც კოსტა რიკელმა მეკარემ მადრიდში საკმაოდ რთული პრიოდები გადალახა, სამუშაოდ „რეალ სოსიედადში” გადავიდა.

მოგეხსენებათ, „რეალიდან” ზიდანის წასვლის შემდეგ მისი ადგილი ესპანეთის ნაკრების თავკაცობიდან მოხსნილმა ხულენ ლოპეტეგიმ დაიკავა. თურმე ლოპეტეგის არც ლუის ლოპისის გაშვება უნდოდა და არც ზიდანის დროინდელი ფიზიკური მომზადების მწვრთნელის ანტონიო პინტუსის მაგრამ, ფაქტია, ორივე წავიდა და ახალ მწვრთნელს ახალი სპეციალისტების აყვანა მოუწევს.

ლოპისის „რეალ სოსიედადში” გადასვლის შემდეგ როგორ წავა კეილორ ნავასის საქმე კაცმა არ იცის. ახლახან, უკრაინული „ზორიადან” მადრიდელებმა 19 წლის ანდრიი ლუნინი იყიდეს, მაგრამ ცხადია, მას ძირითადი შემადგენლობის კარს ჯერ ვერ ანდობენ.

უცნობია მადრიდელთა კიდევ ორი სათადარიგო მეკარის კიკო კასილიასა და ლუკა ზიდანის მომავალიც.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.