რა აღარ ხდება. მათ შორის სისულელეებიც. ორიოდ დღის წინ გაგაცანით ცნობა იმის თაობაზე, რომ თურმე მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს შორის დაირხა ხმა, თითქოს გოლს რომ გაიტან საზეიმოდ მთელი გუნდით არ უნდა გადაცდე მოედნის ფარგლებს, რადგან მეტოქეს უფლება აქვს ბურთი ცენტრში დადოს და სანამ შენ ხაზებს გარეთ გიხარია, გოლი გაგიტანოს. კონკრეტული ფაქტებიც გვეწერა: ინგლისმა და პორტუგალიამ გოლები რომ გაიტანეს, თითო მოთამაშე მეტოქის ნახევარზე, მოედნის ფარგლებში დატოვეს, ეშმაკს არ სძინავსო.

ეს სასაცილო ამბავი მაშინვე აიტაცა საერთაშორისო მას მედიამ და ერთ დღეში ნათელი გახდა, რომ მსგავსი წესი არ არსებობს. გოლს რომ გაიტან გადაცდი ბატონო მოედანს და იზეიმე. შედეგად ყველა დაწყნარდა… როგორც გაირკვა პანამის გარდა. პანამელებმა ინგლისელებთან შეხვედრაში (ინგლისმა მოიგო 6:1) აი, რა ჩაიდინეს: როდესაც ჰარი კეინმა პირველი პენალტი გაიტანა და ინგლისელი ფეხბურთელები მოედანს გარეთ გაცვივდნენ, სასწრაფოდ წაიღეს ბურთი მოედნის ცენტრში, გაათამაშეს და ინგლისის ნაკრების კარისკენ დაიძრენ. სადღაც შუა გზაზე რომ იყვნენ მსაჯმა გამოიხედა, მიხვდა რასაც აკეთებდნენ ჩრდილო ამერიკელები და დაუსტვინა… სავარაუდოდ, სასტვენის გარეშე.