მაღალი დონის ფეხბურთით, მსაჯის შეცდომებით და ცალკეულ ფეხბურთელებს შორის კონფლიქტებით სავსე „ელ კლასიკოს” (2:2) შემდეგ „ბარსელონასა” „რეალის” მწვრთნელებმა პრეს-კონფერენციაზე თავიანთი აზრი გამოთქვეს.
„ბარსელონას” თავკაცი ერნესტო ვალვერდე: „შეხვედრის მსველობისას ბევრი საკამათო ეპიზოდი იყო და მათზე მკაფიო წარმოდგენა რომ შევიქმნა გამეორებები უნდა ვნახო. გაძევებული სერხიო რობერტოს ჯარიმაც უცნაური იყო. გამიკვირდა მარსელოს ხელი რომ დაარტყა. ამ მომენტის გამეორებაც უნდა ვნახო”.
თამაშის წინა დღეებში ვარაუდობდნენ, რომ ამჯერად „კლასიკო” უკბილო გამოვიდოდა, რადგან „ბარსელონა” უკვე ჩემპიონი იყო, ხოლო „რეალის” ამოცანა ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ფეხების გაფრთხილება გახლდათ.
ველვერდე: „ამბობდნენ უკოფეინო თამაში იქნებაო. პირიქით, ჭარბად ჰქონდა კოფეინი. ასეთი შეხვედრები ყოველთვის დაძაბულია. ამჯერადაც, დაძაბულობა პირველივე წუთიდან იგრძნობოდა. მეტოქის დამარცხება ყველას გვინდა.
შესვენების შემდეგ ისე ვიბრძოლეთ, რომ რიცხობრივ უმცირესობაში ყოფნა არ დაგვტყობია. შეტევა არ შეგვიწყვეტია. უმცირესობაში თამაში ყოველთვის ძნელია, მითუფრო „რეალთან”, რომელმაც მეტოქის დაცვაში ბზარების პოვნა იცის. მეტიც, კინაღამ მოვიგეთ, ასე რომ კმაყოფილი ვარ”.
„რეალის” მწვრთნელი ზინედინ ზიდანი: „მინდოდა გაგვემარჯვა. ეს იყო „კლასიკო”, სადაც არაფერი არ წყდებოდა. დიდებული მატჩი გამოვიდა. ორივე გუნდი უტევდა, ორივე ბრწყინვალედ თამაშობდა. ასეთ დროს ფეხბურთი ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცალკეული საკამათო ეპიზოდები.
მსაჯისთვის რთული შეხვედრა გახლდათ, მაგრამ დეტალებში შესვლა და მსაჯობის გარჩევა არ მინდა. ცოტ-ცოტა ყველაფერი იყო, მაგრამ ამას საბოლოოდ არაფრი შეუცვლია.
სანამ თერთმეტი-თერთმეტზე ვიყავით მშვენივრად ვთამაშობდით. უმრავლესობაში რომ დავრჩით, ისე აღარ ვვარგოდით. ცოტა მეტი მოთმინება უნდა გამოგვეჩინა, მაგრამ არა უშავს. მინდა „ბარსელონას” ჩემპიონობა მივულოცო”.
პირველ ტაიმში, გოლის გატანის მომენტში დაშავდა კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ზიდანმა შესვენებისას შეცვალა.
„ამწუთას ვერ გეტყვით რამდენ ხანს ვერ ითამაშებს რონალდუ, ეს ხვალ უფრო გამოჩნდება, მაგრამ წესით დიდი ხანი არ უნდა გაუცდეს” — თქვა „რეალის” მწვრთნელმა.