დიეგო სიმეონე ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრის დროს თავის ფეხბურთელებს ვერ დაუკავშირდება — ასეთია უეფას ვერდიქტი. ლაპარაკია ევროლიგის საპასუხო ნახევარფინალურ თამაშზე, რომელიც მომდევნო კვირაში მადრიდში გაიმართება.
მიზეზი გეხსომებათ, პირველი მატჩის მე-12 წუთზე ფიცხმა არგენტინელმა თავი ვერ მოთოკა და ფრანგმა მსაჯმა კლემენტ ტურპენმა ის მოედნის კიდიდან გააძევა.
პრემიერლიგის წესებისგან განსხვავებით, უეფას კანონთა თანახმად დისკვალიფიცირებულ მწვრთნელს სტადიონის ტერიტორიაზე მოთამაშეებთან კონტაქტი ეკრძალება. ანუ, ის ფიზიკურად ხომ იჯდება სათადარიგოთა სკამისგან მოშორებით და კიდევ შეგირდებთან კავშირიც შეეზღუდება.
ადრე გავრცელებული ხმების თანახმად უეფას სადისციპლინო კომიტეტი სიმეონეს შეწყალებას აპირებდა. თითქოსდა, არგენტინელს „ვანდა მეტროპოლიტანოზე” ჩვეულებრივი მუშაობის ნებას დართავდნენ, მაგრამ უცებ გამოცხადდა, რომ მის წინააღმდეგ წამოყენებულ ორ ბრალდებას შემდეგ პარასკევამდე არ განიხილავენ. შესაბამისად, ჯერჯერობით ერთთამაშიანი ავტომატური დისკვალიფიკაცია რჩება ძალაში.
თუ პარასკევს სადისციპლინო კომიტეტი ჩოლოს კვლავ დასჯის, არ არის გამორიცხული მან ვერც ფინალში უხელმძღვანელოს გუნდს — რასაკვირველია, თუ „ატლეტიკო” „მეთოფეთა” ბარიერს დაძლევს.
„არსენალისა” და „ატლეტიკოს” პირველი შეხვედრა ლონდონში 1:1 დასრულდა.
„ძნელია რამის თქმა, — განაცხადა სიმეონემ, — მსაჯს თურმე შიმე ვრსალკოს გაძევება უნდოდა, მე კი მეგონა, რომ მეტოქის ფეხბურთელი უნდა გაეფრთხილებინა”.
გაფიცხებულმა სიმეონემ არბიტრს უშვერი სიტყვებით აგინა.
დაისჯება ორივე კლუბიც. მიზეზი: ფანების ხულიგნობა. მასპინძელი ფანები მაშხალებს ანთებდნენ, სტუმრები კი მოედანზე საგნებს ყრიდნენ. ერთ-ერთ ნივთს, კერძოდ კი პურის ნაჭერს, მუსლიმმა მესუთ იოზილმა აკოცა კიდეც, სანამ მოედანს გარეთ გადააგდებდა.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
