რას არ გაიგებს ბრიტანული პრესა: „იუვენტუსის” თავკაცი მასიმილიანო ალეგრი გამალებით სწავლობს ინგლისურს. იტალიელმა მწვრთნელმა პრემიერლიგაში გადასვლის ინტერესი დაუფარავად ჯერ კიდევ მარტში გამოთქვა.
ამბობენ, რომ 50 წლის სპეციალისტის მთავარი ვარიანტი „არსენალში” გადასვლაა, მაგრამ „ჩელსიც” გვარიანად აქტიურობს. ინგლისური გაზეთები წერენ, რომ ალეგრი ერთ ტაქტიკურ სქემას მიჯაჭვული კაცი არ არის და პრემიერლიგაში არც ოთხმცველიანი გუნდის გამოყვანა გაუჭირდება და არც ხუთმცველიანის. აქამდე ალეგრის იტალიის გარდა არსად უმუშავია.
მან კარიერა დაბალი დონის გუნდებში, „გროსეტოსა” და „სასუოლოში” დაიწყო, სერია A-ში კი პირველად „კალიარის” მწვრთნელის რანგში მოხვდა. 2010 წლიდან ალეგრი სამწელიწადნახევრის განმავლობაში „მილანს” ხელმძღვანელობდა. მისი წყალობით „როსონერიმ” 2011 წელს იტალიის ჩემპიონის ტიტული და ქვეყნის სუპერთასი მოიგო.
2014 წელს, ბევრისთვის მოულოდნელად, ალეგრი, რომელსაც ბრიტანულ პრესაში მასიმილიანოდ კი არა, ინგლისურ ყაიდაზე მაქსად მოიხსენიებენ „იუვენტუსში” გადავიდა, სადაც ანტონიო კონტე შეცვალა. „ბებერმა ქალბატონმა” მისი ხელმძღვანელობით სამჯერ მოიგო სერია A-ს ჩემპიონის ტიტული, სამჯერ იტალიის თასი და ერთხელ სუპერთასი.
თუ ამ ზაფხულს ალეგრი „ჩელსიში” გადავა, ის ბედის ირონიით კიდევ ერთხელ შეცვლის ანტონიო კონტეს.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
