ვეტერან იტალიელ ფეხბურთელს, 90-იან წლებში ცნობილ ნახევარმცველს დემეტრიო ალბერტინის ინტერვიუ ესპანურმა AS-მა ჩამოართვა. ალბერტინიმ ყურადღება ყოველი პასუხის წინ პაუზითა და დაფიქრებით მიიქცია. საუბრის თემა იტალიის ნაკრები და მისი კრიზისი გახლდათ. გთავაზობთ ვრცელი ინტერვიუს ამონარიდებს.
– სანამ იტალიაზე გკითხავდეთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვთქვათ. რა შეამჩნიეთ ან რამ გაგაკვირვათ ესპანეთის ნაკრების თამაშში?
– ესპანეთის ნაკრების თამაშით ნამდვილად ვისიამოვნე. ეს იყო ახალგაზრდული გუნდი, რომელმაც დამსახურებულად გაიმარჯვა. მან მხოლოდ არგენტინას კი არა, საფრანგეთსაც მოუგო. დიახ, საფრანგეთს, რომელიც თითქოს მსოფლიოს ჩემპიონი უნდა გამხდარიყო. ესპანეთის ნაკრებში იყო ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი, მაგრამ გუნდი დიდი ორგანიზებულობით გამოირჩეოდა. მთავარი სწორედ ეს იყო. ესპანური ფეხბურთის იდეა ეს არის.
– ცოტა ხნის წინ ინტერვიუ მიეცით „ლა რეპუბლიკას“ და როდესაც პეპ გვარდიოლას შესახებ გკითხეს უპასუხეთ, რომ იტალიამ არავის უნდა მიბაძოს. ნაკრების ახალმა მწვრთნელმა ამაზე უნდა იზრუნოს…
– აქ ორ განსხვავებულ საკითხს მივადექით. პეპ გვარდიოლას შესახებ ახალი რა გითხრათ… ჩვენ ერთ-ერთ უდიადეს მწვრთნელზე ვლაპარაკობთ. ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ სანამ საქმეს ხელს მოკიდებს დარწმუნებული უნდა იყოს, რომ იტალია მისთვის მისაღები ქვეყანაა. ვნახოთ რა მოხდება… იტალიური დნმ ესპანურისგან განსხვავდება. ამ ორ ქვეყანაში ფეხბურთის ინტერპრეტაცია სხვადასხვანაირია. ჩვენ, იტალიელებმა უნდა ავირჩიოთ გზა, სადაც ჩვენი ტალანტები უკეთ გამოიჩენენ თავს. ჩემი აზრით ეს მიდგომა დღეს ჩემს ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული. ესპანეთს კი უკვე აქვს თავისი უნიკალური სტილი. დნმ-ს შეცვლა შეუძლებელია.
– „გაძეტა დელო სპორტმა“ დაწერა, რომ გვარდიოლასა და იტალიის ფეხბურთის ფედერაციას შორის წინააღმდეგობა ხელფასის ოდენობაშია. როგორც ჩანს გვარდიოლა წელიწადში 20 მილიონს ითხოვს, მაშინ როდესაც იტალიის ფეხბურთის ფედერაცია სერია A-ს დახმარებით 10 მილიონს სთავაზობს. თუმცა თქვენი სიტყვები უფრო ჰგავს სიმართლეს. შესაძლოა კატალონიელი მწვრთნელის ყოყმანის ნამდვილი მიზეზი სწორედ უცხო სტილი იყოს. გარდა ამისა, რამდენადაც ცნობილია, მას ოჯახთან ახლოს უნდა ყოფნა.

– ვერაფერს გეტყვით, მე მასთან არ მილაპარაკია. ეს ყველაფერი ჰიპოთეზებია. იტალიის ნაკრების სათავეში ჩადგომა სერიოზული ამოცანაა. არ ვიცი მასზე რა უფრო ძლიერად მოქმედებს – კარგად ან ცუდად – ფილოსოფია და ორგანიზაცია თუ სურვილი ასეთია დიდი ისტორიის მქონე გუნდმა განსაკუთრებულ შედეგს მიაღწიოს.
– იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა ჯოვანი მალაგომ თქვა, რომ სანამ გვარდიოლას დაუკავშირდებოდნენ, კარლო ანჩელოტის შეეხმიანენ. პრესაში ისმოდა სხვა სახელებიც: რობერტო მანჩინი, ანტონიო კონტე, ანდრეა პირლო… ამ კანდიდატებს თუ გადავხედავთ, გაგვიჩნდება ეჭვი, რომ ფედერაციაში მკაფიო სტრატეგია არ არის გამოკვეთილი. ეთანხმებით ამ აზრს?
– ჩვენ კლუბის მწვრთნელზე კი არა, ნაკრების თავკაცზე ვლაპარაკობთ. ეს ორი განსხვავებული ცნებაა. როდესაც ფეხბურთის ფედერაციაში ვმუშაობდი მაშინდელ პრეზიდენტთან კონფლიქტი მომივიდა. კონფლიქტის მიზეზი სწორედ ტექნიკური კომისიონერის შერჩევის პრინციპი იყო. ჩვენ ესპანეთის მსგავსი საფეხბურთო ფილოსოფიის ისტორია არ გვაქვს, მაგრამ ოთხჯერ ვიყავით მსოფლიოს ჩემპიონები და რამდენჯერმე ევროპის ჩემპიონებიც გავხდით. ფეხბურთი იმით არის მშვენიერი, რომ გამარჯვება სხვადასხვანაირი მიდგომით მიიღწევა. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს ვიხსენებ და ვფიქრობ, საქმე პენალტებამდე რომ მისულიყო ხომ შეიძლებოდა არგენტინას გაემარჯვა? მერე, რა, რომ მათ განსხვავებული ფეხბურთი ითამაშეს. ფეხბურთს უამრავი ინტერპრეტაცია აქვს. თქვენ კი, რასაკვირველია შეგიძლიათ ერთ სტილს მეორე ამჯობინოთ. უპირატესობის მინიჭება სრულიად ლეგიტიმურია.
– ჩვენ შესაძლო მწვრთნელების სიაზე ვლაპარაკობდით. გვარდიოლა და ანჩელოტი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული სტილის სპეციალისტები არიან.
– პეპის სტილი კარლოს სტილისგან განსხვავდება, მაგრამ ნება მომეცით ერთი რამ გითხრათ. პირლოს გარდა, რომელიც მალდინის მეგობარია და შესაძლოა ყველაზე რეალური კანდიდატი გახლავთ, დანარჩენი ოთხი სრულიად განსხვავებული ფილოსოფიის ხალხია. და ყველა წარმატებულია. ჩვენ ვლაპარაკობთ ოთხ დიდ მწვრთნელზე, მაგრამ იმავდროულად ვლაპარაკობთ გამარჯვებისკენ სავალ ოთხ სრულიად განსხვავებულ გზაზე.

– წავიკითხე თქვენი ყოფილი თანაგუნდელის ფილიპო გალის ნათქვამი, რომ იტალია გვარდიოლას მსგავსი მწვრთნელისთვის მზად არ არის. „პეპს მე სიის თავში არ დავაყენებდი. მე მას ბოლოს დავასახელებდი“, – თქვა გალიმ. რჩება შთაბეჭდილება, რომ მას გვარდიოლა ტორტზე შემოდებულ მარწყვად მიაჩნია.
– მესმის. ჩვენ ადრე ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელების აღზრდაზე ვლაპარაკობდით. იცით, იმ ესპანელი ფეხბურთელებიდან, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ რამდენი თამაშობდა თავიანთი კლუბების სარეზერვო გუნდებში? მგონი 26-დან 22. ასე იყო 2010 წელსაც. მოკლედ რომ ვთქვათ 90%-ს სარეზერვო გუნდები აქვს გავლილი. მაგალითად როდრის „ვილიარეალ B”-ში 40-ზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული. 40 თამაში კი ფაქტობრივად ორი სეზონია. და ჩვენ ვლაპარაკობთ კაპიტანზე, „ოქროს ბურთის“ ლაურეატზე. აი, ეს არის განვითარების პროცესი. სწორედ ეს გვჭირდება იტალიაშიც. დღეს სერია A-ს კლუბებში ძალიან ცოტა იტალიელი ფეხბურთელია, რომლებიც ამ დონეზე სათამაშოდ მზად იყვნენ. ესპანეთში 17 წლის ნიჭიერ ბიჭებს თავის გამოჩენის შესაძლებლობა ეძლევათ. მახსოვს ინიესტა „ბარსაში“ რომ გამოჩნდა 18 თუ 19 წლის იყო, მაგრამ ხალხი მასზე უკვე სამი წლის განმავლობაში ლაპარაკობდა.
– რამდენიმე თვის წინ ჯანი რივერამ გვითხრა, რომ აგენტები ფულს იხდინა რათა მათი კლიენტები ნაკრებში გამოიძახოს. ფეხბურთი აგენტების სარბიელად გადაიქცა?
– მე ნაკრებში მრავალი წელი გავატარე და ასეთი არაფერი გამიგია. რა, რა თქმა უნდა ეს არ არის მართალი. ამ ბოლო დროს ბევრი ტყუილი სიმართლედ საღდება. თუ აგენტებს ასეთი გავლენა აქვთ, ეს სხვაგან რატომ არ ხდება? მარტო იტალიაშია ასე? არ მგონია ვინმე ნაკრებში ამაში ფულს იხდიდეს. ჩვენი იტალიელების პრობლემა სხვა რამ არის. ჩვენ ცოტა კარგი ფეხბურთელი გვყავს. არჩევანში ვართ შეზღუდულები.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 09:53პირლო დუბაის დაეთხოვება და სკუადრა აძურას ჩაიბარებს
მთავარი ამბავი25/07/2026 | 07:31ფაბიან რუისი და გავი პომიროს ჭამენ
აქეთურ-იქითური25/07/2026 | 06:46ნუთუ ჰოლანდიელმა ექიმებმა ტყუილი თქვეს?
აქეთურ-იქითური24/07/2026 | 10:03დემეტრიო ალბერტინი: იტალიური გენი ესპანურისგან განსხვავდება
