პორტუგალიამ მსოფლიოს ჩემპიონატის მეთექვსმეტედფინალში ხორვატიას სრულიად გიჟურ შეხვედრაში 2:1 მოუგო და… გამარჯვება ერთი წლის წინ ავტოკატასტროფაში დაღუპულ დიოგო ჟოტას მიუძღვნა. პორტუგალიის ნაკრებისა და „ლივერპულის“ მოთამაშე შარშან ზაფხულს, თავისი ქორწილიდან 11 დღის შემდეგ, 2025 წლის 3 ივლისს გარდაიცვალა. უბედურ შემთხვევას მასთან ერთად ემსხვერპლა მისი ძმა ანდრე სილვა.
პორტუგალიისა და ხორვატიის დაუვიწყარი შეხვედრა კი 2:1 დამთავრდა. კრიშტიანუ რონალდუ და მისი თანაგუნდელები მერვედფინალში ესპანეთს შეხვდებიან. მატჩის შემდეგ, მეგობრის ხსოვნის პატივსაცემად რონალდუმ საგანგებოდ 21 ნომრიანი მაისური დაიჭირა ხელში.
თამაშის დაწყებამდე ტორონტოს სტადიონის დიდ ეკრანზე ჟოტას გამოსახულება აენთო.

მატჩის წინ პორტუგალიელთა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა თქვა: „დიოგო ჩვენი მზე და შუქია. ჩვენ გვინდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოვიგოთ და მას მივუძღვნათ“.
ტრაგედიის დღეს ჟოტა მანქანით ინგლისისკენ მიემართებოდა, რადგან ექიმებმა მცირე ოპერაციის გამო ფრენა არ ურჩიეს.
„მე მას დღემდე ველაპარაკები, – თქვა დიოგო ჟოტას ახლო მეგობარმა რუბენ ნევეშმა, რომელიც მასთან ერთად „პორტუში“, „ვულვერჰემპტონსა“ და პორტუგალიის ნაკრებში თამაშობდა, – ჩვენ არ გაგვიუქმებია WhatsApp-ის ჯგუფი, რომელშიც დიოგო და მისი მეუღლე რუტე შედიოდნენ. ეს ჯგუფი კვლავ აქტიურია. როდესაც რაიმე განსაკუთრებული ხდება, მე მას ვწერ“.
ქვემოთ, სწორედ ნევეშის ფეხზე გამოსახულ ტატუს ხედავთ მეგობრის გამოსახულებით.
დიოგო ჟოტამ დაღუპვამდე ერთი თვით ადრე სოციალურ ქსელში დაწერა: „შენთან ერთად ყველაფერი შესაძლებელია. გმადლობ, პორტუგალია!“
ეს სიტყვები მან ერთა ლიგაში ესპანეთის დამარცხებას მიუძღვნა. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, 6 ივლისს მუნდიალის მერვედფინალში ერთმანეთს კვლავ პორტუგალია და ესპანეთი შეხვდებიან.
პორტუგალიისა და ხორვატიის შეხვედრაში ანგარიში 53-ე წუთზე ივან პერიშიჩმა გახსნა. შემდეგ კრიშტიანუ რონალდუს ოფსაიდის გამო მშვენიერი გოლი გაუუქმეს. 68-ე წუთზე რონალდუმ პენალტით მაინც გაათანაბრა ანგარიში. 81-ე წუთზე პეტარ სუჩიჩს გაუუქმეს გოლი – ოსევ თამაშგარე. 90+4 წუთზე რაფაელ ლეაომ პორტუგალია გაიყვანა წინ, ხოლო 90+13 წუთზე ისევ და ისევ ოფსაიდის გამო იოშკო გვარდიოლის გოლი არ ჩაითვალა. ჩამოთვლილის გარდა შეხვედრაში ბევრი სახიფათო და მაღალი დონის მომენტი იყო.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი03/07/2026 | 09:24პორტუგალიამ საოცარი გამარჯვება დიოგო ჟოტას მიუძღვნა
სიახლეები02/07/2026 | 10:19სენეგალის წაგება შიდა არეულობის ბრალი იყო
აქეთურ-იქითური02/07/2026 | 09:11ინგლისს წყლის შესვენებამ მოაგებინა?
სიახლეები01/07/2026 | 11:55მბაპე ბომბარდირთა შორის ლიდერობს
