„პარი სენ ჟერმენმა“ ეს შეძლო! „პუშკაშ არენაზე“ გამართულ ნერვიულ ფინალში საფრანგეთის დედაქალაქის კლუბმა ევროპული ტიტული შეინარჩუნა. მან პენალტებით (1:1, 4:3) გაიმარჯვა, თუმცა ლუის ენრიკეს გუნდისთვის თამაში ცუდად დაიწყო: მე-6 წუთზე ანგარიში კაი ჰავერცმა გახსნა. პარიზელები კარგა ხანს წითელ კედელს ეჯახებოდნენ. ისინი თამაშობდნენ კარგად ორგანიზებული, დისციპლინირებული ლონდონელების წინააღმდეგ, რომელიც მზად იყვნენ ბურთის გარეშე ეწვალათ. ბურთის ფლობაში შთამბეჭდავი უპირატესობის მიუხედავად პსჟ სახიფათო მომენტებს ვერ ქმნიდა და მეტიც, ხედავდა, სოლიდური დაცვისა და გამოცდილი ვარსკვლავების მეშვეობით ტემპს როგორ აკონტროლებდა „არსენალი“. მაგრამ, როგორც ჩემპიონთა ლიგის არაერთ შეხვედრაში მომხდარა, პარიზმა უცებ მოძებნა გზა. გულდასაწყვეტი პირველი ტაიმის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მფლობელმა თავისი ფეხბურთის თამაში დაიწყო. პარიზელები უფრო აგრესიულები გახდნენ დუელებში, იკლო ტექნიკურმა წუნმა და რაც მთავარია, მათ მოედნის ბოლო მესამედში გაამწვავეს თამაში, რაც საბოლოოდ დაუფასდათ: მე-60 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი მოიპოვა, ოსმან დემბელემ კი გაიტანა. ამის შემდეგ თამაში სრულად გაიხსნა. კვარაცხელიამ ძელს გაარტყა, ბარკოლამ ორი აშკარა საგოლე მომენტი გააცუდა და რაიამაც რამდენჯერმე იხსნა ლონდონელთა კარი. მოგებული ვერც 90 წუთში გამოვლინდა და ვერც დამატებით დროში. პარიზმა საბოლოოდ გაიმარჯვა პენალტებით, მას მერე, რაც გაბრიელმა თავისი დარტყმა ააცილა.
კვარას ისტორიული სეზონი
ამ ტაქტიკურ-მენტალურ ბრძოლასა და ორომტრიალში სასწორი პარიზელთა მხარეს კვლავ ერთმა ადამიანმა გადახარა. ეს ჩვეულებისამებრ იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ყველა დაჩრდილა. ქართველი, რომელსაც მჭიდრო ინგლისური დაცვა კარგა ხნის განმავლობაში აკავებდა არ გაჩერებულა, სულ გამწვავებას ცდილობდა. ეჭირა ბურთი და ეძებდა ნაპრალს. მართალია „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელის დრიბლინგი მეტწილად წარუმატებელი იყო, მაგრამ ის პსჟ-ს მთავარ შემტევ ძალად მაინც ის რჩებოდა. მან დემბელესთან კედელი გაითამაშა და მოიპოვა პენალტი, რომელმაც ფრე მოიტანა, 77-ე წუთზე კი სოლო გარღვევითა და ბურთის ძელისთვის გარტყმით „არსენალი“ დაზაფრა. მართალია ამ შეხვედრაში კვარაცხელია სტატისტიკურად ნაკლებ შთამბეჭდავი იყო, მაგრამ მან მაინც ყველა საკვანძო მომენტში თქვა თავისი სიტყვა და რაც მთავარია ის გახლდათ ერთადერთი, ვინც ლონდონელთა კედლის გარღვევას ცდილობდა. ეს იყო ამ სეზონის ევროპული კამპანიის ლაიტმოტივი რომელშიც ქართველმა „ლივერპულთან“, „ბაიერნთან“, „ჩელსისთან“ და ახლა უკვე „არსენალთან“ უმაღლესი დონის ფეხბურთი აჩვენა. საქართველოს ნაკრები 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში რომ მონაწილეობდეს საუბრები „ოქროს ბურთის“ გარშემო გაცილებით მწვავე იქნებოდა.

ხვიჩა კვარაცხელიას სეზონი უბრალოდ მონუმენტური იყო. ის გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, მოიგო ქვეყნის სუპერთასი და ახლა უკვე ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულია. მან ყველა შეჯიბრებაში ერთად 32 საგოლე მოქმედება შეასრულა და რაც მთავარია, ლიგის ფლეი-ოფში თავისი ლეგენდა განამტკიცა: გოლი მეთექვსმეტედფინალში, ჰეთ-თრიკი მერვედფინალში, გოლი და საგოლე პასი მეოთხედფინალში, ორი გოლი და საგოლე პასი ნახევარფინალში და მოპოვებული პენალტი ფინალში. ნოკაუტის ფაზაში სამჯერ იყო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი და რაც კიდევ უფრო თვალშისაცემია, ამავე ფაზაში, ზედიზედ შვილ შეხვედრაში, ან თავად გაიტანა, ან გაატანინა. ამით კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025-26 წლების სეზონის ერთ-ერთი უდიდესი სახე გახდა.
„ემოციას ვერ აღვწერ… ჩვენ ამ გამარჯვებას ვიმსახურებდით“, – თქვა მან შეხვედრის დამთავრების შემდეგ.
მისთვის ბუდაპეშტში ყველაზე სანახაობრივი საღამო არ იყო, მაგრამ სწორედ ამ საღამომ დაუმკვიდრა ხვიჩა კვარაცხელიას ადგილი დიადთა შორის.
ვალენტინ ფეულიტი, Footmercato
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები31/05/2026 | 08:48ნევეში: ფეხბურთის თამაში მარტო პსჟ-ს უნდოდა
კატეგორიის გარეშე31/05/2026 | 07:52შეუჩერებელმა ხვიჩა კვარაცხელიამ არსენალის ოცნება მოკლა
სიახლეები30/05/2026 | 14:53საფრანგეთს ნოლეც დაემშვიდობა
ინტერვიუ30/05/2026 | 09:53ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს
