ხულიგნობა პარიზის ცენტრში

ხულიგნობა პარიზის ცენტრში

წუხელ პარიზის ცენტრში სულ მცირე 235 ფანი დაიჭირეს. მას მერე, რაც „პარი სენ ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალს“ მოუგო, საფრანგეთის დედაქალაქის ქუჩებს ათასობით გულშემატკივარი მოედო, თუმცა ხულიგნებმა უწესრიგობები პირველი ტაიმის დროსაც მოაწყვეს. ყველაზე სერიოზული არეულობა შატლეს რაიონში იყო, ნოტრ დამსა და ლუვრს შორის ტერიტორიაზე მოხდა.

ქაოსი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც მე-6 წუთზე კაი ჰავერცმა „არსენალი“ დააწინაურა. ხულიგნებმა პოლიციელებს სკამები და ბოთლები ესროლეს. პასუხად სამართალდამცველებმა მათი დაკავება დაიწყეს.

რამდენიმე ფანი რივოლის ქუჩასთან, – რომელიც პარიზის ერთ-ერთი მთავარი შოპინგ-ცენტრია, – მშენებარე შენობის ხარაჩოებზე აძვრა. პოლიციელებმა მათი იქიდან ჩამოყვანა განიზრახეს, რამაც დამატებითი გართულებები გამოიწვია.

სანამ გუნდები ბუდაპეშტში შესვენებაზე გავიდოდნენ, პარიზში კიდევ რამდენიმე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი. მიზეზი ის გახლდათ, რომ ზოგიერთმა კაფემ გადაწყვიტა ტელევიზორი გამოერთო.

შემდეგ პსჟ-მ თამაშის ბედი შემოატრიალა, ანგარიში გაქვითა (თერთმეტმეტრიანი ხვიჩა კვარაცხელია მოიპოვა, ოსმან დემბელემ კი გაიტანა), ბოლოს კი პარიზელებმა პენალტებით გაიმარჯვეს.

„პარკ დე პრენსზე“ დამონტაჟებულ დიდ ეკრანებზე ტრანსლაციას 40 000 მაყურებელი ადევნებდა თვალს, ხულიგნები კი ქუჩებში დაძრწოდნენ. პოლიციის ცნობით, დაშავდა ბევრი ავტომობილი და მაღაზიის ვიტრინა.

თამაში დამთავრების შემდეგ პოლიციელებმა ქალაქში ათასობით ადამიანი გააჩერეს და გაჩხრიკეს. ამოიღეს დიდი რაოდენობით მაშხალა. ასობით ტურისტი შეშინდა. ქალაქში 5 000-ზე მეტი პოლიციელი და ჟანდარმი პატრულირებდა. ბევრი უბილეთო გულშემატკივარი სტადიონზე შეძვრომას აპირებდა. მათ საწინააღმდეგოდ პოლიციელებმა ცრემლსადენი გაზები გამოიყენეს. ბევრმა მაღაზიამ ჭკუა იხმარა და ვიტრინებს ჯერ კიდევ თამაშამდე ჩამოაფარა დამცავი გარე-დარაბები.  

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.