მარსელთან წიტაიშვილი კარგი იყო, მეცი – ცუდი

Home კატეგორიის გარეშე მარსელთან წიტაიშვილი კარგი იყო, მეცი – ცუდი
მარსელთან წიტაიშვილი კარგი იყო, მეცი – ცუდი

სამი ქართველის, გიორგი წიტაიშვილის, გიორგი აბუაშვილისა და გიორგი ქვილითაიას „მეცს’’ სავარაუდოდ აღარაფერი ეშველება, მომავალ სეზონში ლიგა 2-ში მოუწევს წვალება ლიგა 1-ში დასაბრუნებლად, „მარსელი’’ კი ზედიზედ ორი წაგების შემდეგ გამარჯვების გზაზე დადგა- 3:1. ზღვისპირელები დომინირებდნენ. მათგან გოლები გაიტანეს პიერ-ემერიკ ობამეიანგმა (13), იგორ პაიშაომ (48) და ჰამედ ჟუნიორ ტრაორემ (93), მეცელთაგან კი თავი გიორგი წიტაიშვილმა (49) გამოიჩინა. ამ შეხვედრის შემდეგ „მარსელი’’ დროებით მესამე ადგილზე გადავიდა, ხოლო „მეცი’’ ბოლოზეა.

maxifoot-მა „მეცის’’ ფეხბურთელთა შორის მეკარე პაპე სის შემდეგ ყველაზე მაღალი შეფასება წიტაიშვილს დაუწერა – 6.5. პორტალმა აღნიშნა: „ქართველმა თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინა. ფლანგელი თავის უკან მდგომ თანაგუნდელს მაქსიმ კოლენს ტიმოთი ვეასა და მეისონ გრინვუდთან ბრძოლაში ძალიან ეხმარებოდა, შეტევაში კი პასებს არ იშურებდა და ეფექტურად ერთვებოდა კომბინაციებში. ის სრულიად იმსახურებდა გოლს, რომელიც შეაგდო’’.

footmercato-მ მეკარე სი, ბუნა სარი და წიტაიშვილი თანაბრად გამოარჩია თანაგუნდელებისგან – 6. სიტყვიერად საიტმა გიორგის თამაში ასე დაახასიათა: „25 წლის ქართველი გაუჩერებლად დარბოდა თავის ფლანგზე წინ და უკან. თავიდან ძალიან ცოცხლად მოქმედებდა და მე-13 წუთზევე სცადა „მარსელის’’ კართან ხიფათის შექმნა, როდესაც ბურთი ჩაჰკიდა საჯარიმოში, მაგრამ მდგომარეობა ლეონარდო ბალერდიმ განმუხტა. 26-ე წუთზე ჯიქური გარღვევის შემდეგ ის მეკარესთან პირისპირ შევიდა, მაგრამ ვერ აჯობა. წიტაიშვილი შესვენებამდე ყველაზე მეტ ხიფათს ქმნიდა, მაგრამ მისი საუკეთესო ეპიზოდი იყო შესვენებიდან ცოტა ხანში, როდესაც 49-ე წუთზე საჯარიმოში შესულმა მარცხენა ფეხით მოულოდნელი ტრაექტორიით დაარტყა და მეკარე ხერონიმო რული მოატყუა. ის მთელი საღამოს განმავლობაში ხიფათს ქმნიდა’’.

სხვა საიტებმა ქართველის თამაში ასე შეაფასეს: flashscore – 7.1 („მეცში’’ მეორე შეფასება მეკარე პაპე სის შემდეგ); whoscored – 7.6 (საუკეთესო შეფასება „მეცში’’); sofascore – 7.5 („მეცში’’ მეორე შეფასება მეკარე პაპე სის შემდეგ); fotmob – 7.8 (საუკეთესო შეფასება „მეცში’’).

აბუაშვილს და ქვილითაიას ამ შეხვედრაში არ უთამაშიათ.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.