„პარი სენ ჟერმენმა’’ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, შინ 2:0 მოუგო „ლივერპულს’’. საფრანგეთის დედაქალაქის გუნდმა შთამბეჭდავად ითამაშა. მთელი 90 წუთის განმავლობაში ფაქტობრივად ერთხელაც არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც სტუმრებმა მასპინძლებს პრობლემა შეუქმნეს.
შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელსაც შესაბამისი ჯილდო მოედანზევე გადასცეს. მისი თამაში ასევე შეაფასეს სხვადასხვა გავლენიანმა საიტებმა და გამოცემებმა, თუმცა ყველა მათგანს ქართველი საუკეთესო ფეხბურთელად არ დაუსახელებია. ასეთი ორიგინალურობით გამოიჩინა თავი მაგალითად footmercato-მ, რომელმაც მას 6.5 ქულა დაუწერა, ხოლო უარენ ზაირ-ემერის 7.5. ამ პორტალმა კვარაცხელიას თამაში ასე აღწერა:
„მიუხედავად იმისა, რომ მესამე ყვითლის მიღებისა და საპასუხო თამაშის გამოტოვების საშიშროების წინაშე იდგა, მან მე-12 წუთზე უკნიდან შეასრულა სახიფათო ვარდნა. მას მერე ის ვერ ქმნიდა ხიფათს კომპაქტურად შეჯგუფებული მოწინააღმდეგის კართან. პირველ ტაიმში მან რეალურად ორჯერ დაარტყა და ორივეჯერ (22-ე და 32-ე წუთები) ბურთი რიკოშეტით წავიდა კარისკენ. ამის მიუხედავად, ქართველმა მაინც აჩვენა გადამწყვეტ მომენტში გაბრწყინების უნარი, როდესაც 66-ე წუთზე ჟოაო ნევეშის პასის შემდეგ „წითლებს’’ შორის სლალომით გაიარა. შემდეგ ის გაცილებით შესამჩნევი გახდა. მარცხენა ფლანგიდან ზუსტი პასების წყალობით მეტოქისთვის პრობლემებს ქმნიდა’’.
maxifoot-მა კვარაცხელიას 8 ქულა დაუწერა და მართალია უარენ ზაირ ემერის თამაშიც ამდენი ქულით შეაფასა, მაგრამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ქართველი დაასახელა. საიტმა მისი თამაში სიტყვიერად ასე შეაფასა:
„ქართველი გარემარბი შეუდარებელი იყო. მეტისმეტად აქტიურს მოწინააღმდეგე გუნდის დაცვა მუდმივი წნეხის ქვეშ ჰყავდა. პირველ ტაიმში მამარდაშვილი მას კარგად აკონტროლებდა, მაგრამ 60 წუთის შემდეგ ინგლისელების საჯარიმოში თავისი კლასი აჩვენა. შეტევაში შეტანილი წვლილის გარდა „ნაპოლის’’ ყოფილი ფეხბურთელი დაცვაშიც ძალიან ეფექტური იყო. უკანა ხაზში მისი მონდომება „პარკ დე პრენსზე’’ შეკრებილ გულშემატკივარს აღაფრთოვანებდა’’.
sofoot-მა ქართველს 9 ქულა დაუწერა, ამავე პორტალის მკითხველთა შეფასება კი 8.55 იყო.
flashscore – 8.6 (საუკეთესო შეფასება ორივე გუნდში); whoscored – 8.2 (საუკეთესო შეფასება ორივე გუნდში); sofascore – 9.0 (საუკეთესო შეფასება ორივე გუნდში); footmob – 8.5 (საუკეთესო შეფასება ორივე გუნდში).
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 07:41ურუგვაიმ აშშ-ში ჩაფრენაზე იწვალა
აქეთურ-იქითური14/06/2026 | 11:29ინფანტინომ იღლაბუცა
