„ბარსელონამ’’ ბოლო 12 შეხვედრაში პირველად წააგო. მას სან სებასტიანში „რეალ სოსიედადმა’’ აჯობა – 2:1. ეს იმას ნიშნავს, რომ 20 ტურის შემდეგ ლა ლიგის ცხრილში კატალონიელთა უპირატესობა „რეალთან’’ ერთ ქულამდე შემცირდა. მატჩის შემდეგ „ბლაუგრანას’’ მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა თქვა, რომ თავისი ფეხბურთელების გუნდური თამაშით უკმაყოფილო არ არის, თუმცა იყო დასანანი ინდივიდუალური შეცდომები.
„გულდაწყვეტილი ვარ. ბევრი აშკარა საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ შედეგმა ვერ ასახა ის, რაც მოედანზე ხდებოდა. მეორე მხრივ ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვარ. სხვა საქმეა, რომ დაცვაში შეცდომები მოგვივიდა. ზოგადად თავი უკეთ უნდა დავიცვათ. გარდა ამისა, შეტევაში იღბალმა ზურგი გვაქცია. ერთი სიტყვით, დავმარცხდით, რაც უნდა ვაღიაროთ. ახლა შემდეგ შეხვედრაზე გვმართებს ყურადღების მოკრება. შემდეგი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია’’.
21 იანვარს „ბარსა’’ ჩემპიონთა ლიგაში პრაღის „სლავიას’’ სტუმრობს, ხოლო 25 იანვარს ლა ლიგაში „ოვიედოს’’ მასპინძლობს’’.
ფლიკი შეეხო მსაჯობის თემასაც. მან ილაპარაკა ხესუს ხილ მანსანოზე, რომელიც შეხვედრის დამთავრებისთანავე „ბარსას’’ კაპიტანმა ფრენკი დე იონგმა გააკრიტიკა. ჰოლანდიელი უკმაყოფილო დარჩა, რომ არბიტრმა შეხვედრა ათიოდე წამით ადრე დაასრულა და კიდევ იყო ოფსაიდის ეპიზოდი, რომლის ჩანაწერიც დე იონგს ინტერვიუს მომენტში ნანახი არ ჰქონდა, მაგრამ უთხრეს, რომ თამაშგარე მდგომარეობა არ იყო.
„მე კაპიტანი ვარ და არ მესმის მსაჯთან ლაპარაკის უფლება რატომ არ მაქვს. არბიტრი ისეთი გამომეტყველებით მიყურებს გეგონება ჩემზე მნიშვნელოვანი ადამიანია. ეს გამაღიზიანებელია. ასე მოქცევა არ შეიძლება’’, – თქვა მან.
„ფრენკის ვეთანხმები, ის კაპიტანია და მოედანზე მსაჯთან დალაპარაკება უნდა, ამის საშუალება კი არ ეძლევა. ხანდახან მეც მსურს მეოთხე მსაჯს გამოველაპარაკო, მაგრამ უფლება არ მაქვს. რას იზამ, ამას უნდა შევეგუოთ. თუკი ესპანეთში მსაჯებთან ურთიერთობის პრობლემაა, ეს პირველ რიგში ხილ მანსანოს ეხება, – თქვა თავის მხრივ ფლიკმა, – მაგრამ ამაზე ენერგიის ხარჯვას არ ვაპირებ. მსაჯობით უკმაყოფილო არ ვარ. ჩვენ ყურადღება საკუთარ თამაშზე უნდა გადავიტანოთ. დღევანდელ შეხვედრაში საგოლე მომენტები გვქონდა და მეტი გოლი უნდა გაგვეტანა’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
