კარგახნიანი კრიზისის შემდეგ „ლივერპულმა’’ შვებით ამოისუნთქა. სულ რაღაც ორი კვირის წინ „წითლები’’ პრემიერლიგის ცხრილში მე-10 ადგილზე იყვნენ. შემოდგომაზე მათ 0:3 წააგეს „ნოტინგემ ფორესტთან’’, 1:4 დამარცხდნენ ჩემპიონთა ლიგაში „ეინდჰოვენთან’’. გულშემატკივარს არც თამაშის ხარისხი აკმაყოფილებდა და არც შედეგი, მაგრამ მას მერე არნე სლოტის გუნდმა მდგომარეობა გამოასწორა. მართალია „ლიდსთან’’ და „სანდერლენდთან’’ „ლივერპულმა’’ ფრედ ითამაშა, მაგრამ ხარისხი ყოველ მომდევნო შეხვედრაში უმჯობესდებოდა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გამოიკვეთა კიდევ ერთი ლიდერი, გერმანელი ფლორიან ვირტცი, რომელსაც სექტემბერის მერე დაუნდობლად აკრიტიკებდნენ.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ნახევარმცველი „ლივერპულში’’ „ლევერკუზენიდან’’ გასულ ზაფხულს გადავიდა. მერსისაიდელებმა მასში 135 მილიონი ევრო გადაიხადეს. ფასის და რეკლამის გამო ვირტცისგან ლივერპულში იმთავითვე ბრწყინვალე თამაშს ელოდნენ, მაგრამ ადაპტაციამ დრო მოითხოვა. იყო შეხვედრები, როდესაც სლოტი მას სათადარიგოთა სკამზე სვამდა, ხოლო ტრიბუნები უსტვენდნენ. იყო ტრავმაც, რომელიც გერმანელმა ნოემბრის ბოლოს მოიშუშა, მერე კი გაიხსნა. ბოლო სამი მატჩია ის გამორჩეულად თამაშობს. „ბრაიტონთან’’ ერთ-ერთი საუკეთესო იყო, „ტოტენჰემთან’’ საგოლე პასი შეასრულა, ხოლო შაბათს, „ვულვერჰემპტონთან’’ ნანატრი გოლიც გაიტანა. აქ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს უგო ეკიტიკეს საუცხოო გარღვევა და საგოლე პასი. „ლივერპულმა’’ „ვულვზს’’ 2:1 მოუგო.
„გერმანელის თამაში სავსეა სითამამით, ჭკვიანური პასებით და ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომენტების რეალიზაციითაც. ვირტცმა დაამტკიცა, რომ მისი ნიჭი ინგლისური ფეხბურთის მოთხოვნებს აკმაყოფილებს’’, ― დაწერა „ტაიმსმა’’. ამბიციური ინგლისელი ჟურნალისტები ყურადღებას ამახვილებენ, რომ ნახევარმცველმა მო სალაჰის და ალექსანდერ ისაკის არყოფნაში გამოიჩინა თავი.
მატჩის შემდეგ ვირტცმა თქვა: „დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთ დღესაც გოლს გავიტანდი. მინდოდა გოლების გატანა და საგოლე პასების გადაწოდება უფრო ადრე დამეწყო, მაგრამ რაც მოხდა მოხდა. ამას ვერ შევცვლი’’.
როდესაც გერმანელი მოედნიდან გადიოდა „ენფილდი’’ ფეხზე წამოუდგა და ოვაცია მოუწყო.
„გუნდმა უკვე ნახა, თუ რა შეუძლია მას: მომენტების შექმნა და გოლთან მუდამ ახლოს ყოფნა. გარწმუნებთ, ის ასეც გააგრძელებს და გაცილებით მეტს გაიტანს ვიდრე ერთი გოლია. ვფიქრობ, დღეს ფლორიანმა ერთ გოლზე მეტი გააკეთა’’, ― თქვა სლოტმა.
ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ვულვერჰემპტონთან’’ შეხვედრაში კვლავ სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 09:34კაცი ძეგლი კონგოდან
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:51ლინეკერი: საფრანგეთი გერმანიას იოლად მოუგებს
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:07ავსტრია vs ალჟირი ჩაწყობილი იყო?
სიახლეები28/06/2026 | 10:59გაწბილებული ნიკო უილიამსის საჯარო წერილი
