მესი vs რონალდუ, ჰოლანდი vs მბაპე

Home კატეგორიის გარეშე მესი vs რონალდუ, ჰოლანდი vs მბაპე
მესი vs რონალდუ, ჰოლანდი vs მბაპე

Illustration of the FIFA World Cup 2026 draw with countries divided into 12 groups (A-L).ვაშინგტონში, კენედის ცენტრში ჩატარდა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის წილისყრა, რომელზეც გაირკვა, რომ 21-ე საუკუნის ორი უდიდესი ვარსკვლავი ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ ბოლოს და ბოლოს მუნდიალზეც შეიძლება დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ეს შესაძლოა მოხდეს მეოთხედფინალში, როდესაც მათი ჯამური ასაკი 80 წელი იქნება.

პორტუგალია K ჯგუფში კოლუმბიასთან, უზბეკეთთან და ჯერაც გაურკვეველ მეტოქესთან (ერაყი, სურინამი ან ბოლივია) ერთად მოხვდა, არგენტინა კი J ჯგუფში ავსტრიას, ალჟირს და იოარდანიას შეებრძოლება. და თუ ორივე როგორც ჯგუფში ასევე ნოკაუტის ეტაპის ორ შეხვედრაში გაიმარჯვებს, მათი გზები 11 ივლისს კანზას სიტიში გადაიკვეთება.

მესი 24 ივნისს 39 წლის გახდება და კარიერაში მეექვსე მუნდიალში მიიღებს მონაწილეობას. არგენტინელის დიდი ჯილდოების კოლექციას მსოფლიოს ჩემპიონის მედალი აკლდა. მან ყატარში ეს დანაკლისი შეავსო. მესის აშშ-ში შორიდან ჩასვლა არ დასჭირდება, ისედაც ამერიკაში თამაშობს, 53 შეხვედრაში 50 გოლი გაიტანა და შარშან მოგებულ საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს წლეულს „ოქროს ბუციც’’ დაამატა.

რონალდუ მსოფლიოს ჩემპიონატზე 41 წლისა იქნება. აშშ-კანადა-მექსიკის მუნდიალი მისთვისაც მეექვსეა. ის უკვე მეოთხე სეზონია საუდის არაბეთში გამოდის და გოლების ნაკლებობას არ უჩივის ― 123 შეხვედრაში 110 შეაგდო (86 შეხვედრაში 84 გოლი ჰქონდა გატანილი). ნოემბერში, ირლანდიასთან შეხვედრაში რონალდუ მოედნიდან გააძევეს რაც წესით სამმატჩიან დისკვალიფიკაციას გულისხმობდა, მაგრამ ამ სამიდან ორი შეხვედრა პირობითი სასჯელის კატეგორიაში მოხვდა და ერთი წლით გადაიდო, მესამე კი რონალდუმ უკვე გამოტოვა, სომხეთის 9:1 განადგურებაში არ მიიღო მონაწილეობა.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი სარეკორდოა, მასში 48 გუნდი იღებს მონაწილეობას. ისტორიაში პირველად ჯგუფურ ეტაპს მოჰყვება მეთექვსმეტედფინალი, თუმცა გუნდების რაოდენობის ზრდამ და წილისყრის დროს მათმა ლოგიკურმა განთესვამ სავარაუდოდ პირველი ეტაპის ხარისხი დასცა. ჯგუფურ ეტაპზე ძლიერი გუნდები ერთმანეთს ფაქტობრივად არ ეთამაშებიან. ერთადერთი მატჩი, რომელშიც ფიფას რეიტინგის ათეულის გუნდები მონაწილეობენ, გახლავთ ინგლისი-ხორვატია.

C ჯგუფში ბრაზილიისა და მაროკოს მატჩი რეიტინგის მეხუთე და მეთერთმეტე გუნდების დაპირისპირებაა.

რეიტინგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე ძლიერი ჯგუფი შეხვდა ჰოლანდიას (იაპონია, ტუნისი და ჯერ უცნობი ერთი გუნდი), ყველაზე სუსტი კი გერმანიას (ეკვადორი, კოტ დ’ივუარი და კურასაო).

თვალშისაცემია I ჯგუფი, სადაც შეიყარნენ საფრანგეთი, სენეგალი, ნორვეგია და ჯერაც გაურკვეველი გუნდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთის პირისპირ წარსდგებიან თანამედროვეობის უდიდესი თავდამსხმელები ერლინგ ჰოლანდი და კილიან მბაპე.

გახსნის შეხვედრა კი მეორდება: მექსიკა-სამხრეთ აფრიკა. ეს ნაკრებები 2010 წელს სამხრეთ აფრიკაშიც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მაშინაც პირველ მატჩში. ახლა იმავე ნაკრებების მატჩს მეხიკოს ლეგენდარული „აცტეკას’’ სტადიონი უმასპინძლებს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.