უნდა ჩათვლილიყო თუ არა კვარაცხელიას გოლი?

Home აქეთურ-იქითური უნდა ჩათვლილიყო თუ არა კვარაცხელიას გოლი?
უნდა ჩათვლილიყო თუ არა კვარაცხელიას გოლი?

Nicolas Tagliafico of Lyon talks to Referee Benoit Bastien during the Ligue 1 McDonald's match between Olympique Lyonnais and Paris Saint-Germain FC...არ ცხრება ხმაური „ლიონისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ შეხვედრის გარშემო, რომელიც სტუმრებმა, პარიზელებმა 90+5 წუთზე გატანილი გოლის წყალობით 3:2 მოიგეს. დამარცხებულ „გონებს’’ მსაჯ ბენუა ბასტიენსა და VAR-თან სამ ეპიზოდთან დაკავშირებით აქვთ პრეტენზია. მათი აზრით 27-ე წუთზე ილია ზაბარნიმ თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა, რის გამოც პენალტი ეკუთვნოდათ; ვიტინიამ, 35-ე წუთზე ტანერ ტესმანს ბურთი წესის დარღვევით წაართვა, რის მერეც ხვიჩა კვარაცხელიამ ის კარში შეაგდო ანუ ვიტინიას უხეშობის გამო ეს გოლი არ უნდა ჩათვლილიყო და კანგ-ინ ლიმ 42-ე წუთზე ნიკოლას ტალიაფიკო პარიზელთა საჯარიმოში წააქცია, რის გამოც მასპინძლებს კიდევ ერთი პენალტი ეკუთვნოდათ.

ამ თემაზე რონისპირელთა კომენტარები გუშინ დავწერეთ და აქ აღარ გავიმეორებთ. ქვემოთ ლიგა 1-ის მსაჯთა დირექტორატის მენეჯერის ამორი დელერიუს განმარტებებს მოვიტანთ, რომლებიც გაზეთ „ეკიპში’’ გამოქვეყნდა:

„ზაბარნის შემთხვევაში VAR მისდევდა IFAB-ს პროტოკოლს. მონიტორებიან ოთახში ყველა არსებული კადრი და რაკურსი ნახეს. ის, რომ მსაჯი შეცდა და პენალტი უნდა დანიშნულიყო მკაფიოდ ერთმა ჩანაწერმაც კი არ გამოაჩინა. ნათლად არ გამოჩნდა ზაბარნი ბურთს ხელით შეეხო თუ არა’’.

„ლისა და ტალიაფიკოს კონტაქტიც ბუნებრივი იყო. მას ტალიაფიკოსთვის ბურთის თამაშში ხელი არ შეუშლია. შესაბამისად, თამაშის წესები არ დარღვეულა’’.

„კვარაცხელიას გოლის დროს კი ძალიან რთული სიტუაცია შეიქმნა. მსაჯთა დირექტორატში მასთან დაკავშირებით ერთიანი აზრი ვერ გამოიმუშავეს. კონტაქტმა ტემანზე რასაკვირველია იმოქმედა. „ლიონის’’ ფეხბურთელმა ბურთის შენარჩუნება ვეღარ შეძლო, ამიტომ თავიდან მიგვაჩნდა, რომ ვიტინაიმ წესები დაარღვია ანუ გოლი უნდა გაუქმებულიყო, მაგრამ VAR ამ შემთხვევაში მაინც „ნაცრისფერ ზონაში’’ იმყოფებოდა ანუ შეხედულება ერთსულოვანი არ იყო და ამიტომ მსაჯის გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერია’’.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.