დღეს „ლივერპულს’’ ყოფილი კაპიტანი, 35 წლის ჯორდან ჰენდერსონი დაუპირისპირდება ― მან „ენფილდი’’ 2023 წელს დატოვა, ჯერ საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ეტიფაქში’’, შემდეგ „აიაქსში’’ ბოლოს კი „ბრენტფორდში’’ გადავიდა. ჰენდერსონი ერთადერთი კაპიტანია, რომლის ხელშიც „ლივერპულმა’’ ექვსი სხვადასხვა ჯილდო მოიგო. ამ საღამოს სწორედ „ბრენტფორდი’’ და „ლივერპული’’ ხვდებიან ერთმანეთს.
„წითლებმა’’ ოთხშაბათს სტუმრად მოუგეს „ფრანკფურტს’’ 5:1, რითაც ზედიზედ მეხუთე მარცხს გადაურჩნენ. ეს თამაშიც რომ წაეგოთ 72 წელიწადში უარესი პერიოდი დაფიქსირდებოდა. მეორე მხრივ, პრემიერლიგაში ზედიზედ სამმა ფეხის დაცდენამ არნე სლოტის გუნდი ლიდერ „არსენალს’’ 4 ქულით ჩამოარჩინა.
ბოლო ტურში ლივერპულელები განსაკუთრებით გამწარდნენ, რადგან შინ წააგეს ტრადიციულ მოქიშპე „მანჩესტერ იუნაიტედთან’’ – 1:2. შეურაცხყოფილმა კაპიტანმა ვირჯილ ვან დაიკმა მატჩის მეორე დღეს საგანგებო თათბირი მოიწვია, რომელზეც ფეხბურთელებმა მწვრთნელის გარეშე დაილაპარაკეს და სცადეს გაერკვიათ რას აკეთებენ არასწორად.
სლოტს მიაჩნია, რომ ვან დაიკი სწორად მოიქცა ბიჭები რომ შეკრიბა. გუნდს განსხვავებული შეძახილი სჭირდებოდა.
„ის რაც ვირჯილმა გააკეთა საჭირო იყო. „იუნაიტედთან’’ მარცხს, მითუმეტეს სამი წაგების შემდეგ, ფეხბურთელებიდან რასაკვირველია ვერავინ ეგუებოდა, მაგრამ მარტო ერთი და იმავე ხმის, ჩემი ხმის მოსმენა კარგი არ იქნებოდა.
არ მგონია, რომ ვირჯილმა ბიჭები დაფასთან დასვა და უთხრა: ამიერიდან ასე ვითამაშებთ… ჩვენი ფეხბურთელებიდან ხუთი თავისი ეროვნული გუნდის კაპიტანია. იმ შეკრებაზე მარტო ვან დაიკმა კი არ ილაპარაკა. ნებისმიერ მათგანს შეუძლია თანაგუნდელებთან სწორად საუბარი. მე მათ მოვუწოდებ პასუხისმგებლობა იტვირთონ, აუზში, საუნაში თუ ხუთნი მაგიდას რომ მიუსხდებიან ერთმანეთს დაელაპარაკონ, მაგრამ ის, რომ გვყავს ვან დაიკის მსგავსი ლიდერი, რომელსაც ყველა პატივს სცემს, ძალიან კარგია.
250 ათასჯერ ვყოფილვარ მსგავს მდგომარეობაში. როგორ ფიქრობთ, თუკი ახლა ბიჭები ყავის ბარში სხედან, არ ლაპარაკობენ? რასაკვირველია, ლაპარაკობენ. ისინი მუდმივად ლაპარაკობენ. ხან ყველასთან, ხან მხოლოდ ლიდერები ერთმანეთში. ისინი ლაპარაკობენ და სწორადაც იქცევიან. ისინი კარგად გრძნობენ რა ხდება მოედანზე, მაგრამ როდესაც საქმე ტაქტიკას შეეხება, ბოდიში, მაგრამ ეს უკვე ჩემი ტერიტორიაა’’.
