პსჟ ფრთხილად უნდა იყოს

Home აქეთურ-იქითური პსჟ ფრთხილად უნდა იყოს
პსჟ ფრთხილად უნდა იყოს

„პარი სენ ჟერმენი’’ ფრთხილად უნდა იყოს. შაბათს „ლევერკუზენმა’’ ბუნდესლიგაში ზედიზედ მესამე თამაში მოიგო. მან „მაინცი’’ დაამარცხა― 4:3. გამარჯვებულთაგან თავი ყველაზე მეტად 30 წლის კაპიტანმა, მარცხენა მცველ-ნახევარმცველმა, ესპანელმა ალეხანდრო გრიმალდომ გამოიჩინა. ოთხიდან ორი გოლი სწორედ „ბენფიკას’’ ყოფილმა ფეხბურთელმა გაიტანა. სამ დღეში „ლევერკუზენი’’ ჩემპიონთა ლიგაში „პარი სენ ჟერმენს’’ მასპინძლობს და ჩინებულ ფორმაშია.

„ლევერკუზენმა’’ სეზონი კარგად ვერ დაიწყო – ერთი მოგება, ერთი წაგება და ორი ფრე – ბოლო სამ შეხვედრაში კი 9 ქულა მოიპოვა. შედეგად, კიოლნიდან 37 კილომეტრში მდებარე 167 ათასიანი ქალაქის გუნდი 14 ქულით მეხუთე ადგილზეა. ის ლიდერ „ბაიერნს’’ 7 ქულით ჩამორჩება. მის მსგავსად 14 ქულა აქვს „დორტმუნდს’’, რომელმაც შაბათს ეგრეთწოდებულ „დერ კლასიკერში’’ ბავარიელებთან 1:2 წააგო.

„ლევერკუზენი’’ „მაინცს’’ სამჯერ უგებდა ორი ბურთით: 2:0, 3:1 და 4:2. ზემოთ გრიმალდოს გოლები ვახსენეთ. მის გარდა გაიტანეს თავდამსხმელებმა, 19 წლის კამერუნელმა კრისტიან კოფანემ და 28 წლის ფრანგმა მარტინ ტერიემ. ტერიესთვის ეს მიმდინარე სეზონში პირველი თამაში იყო. მან იანვარში(!) აქილევსის მყესი დაიზიანა და აქამდე მკირნალობდა. „მაინცმა’’ სამჯერ შეამცირა სხვაობა, ბოლოს 90-ე წუთზე.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.