როგორ ივაჭრეს ფრანგულმა კლუბებმა?

Home აქეთურ-იქითური როგორ ივაჭრეს ფრანგულმა კლუბებმა?
როგორ ივაჭრეს ფრანგულმა კლუბებმა?

ინგლისის პრემიერლიგამ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე 3.5 მილიარდი ევრო დახარჯა. საფრანგეთის ლიგა 1-ის მიერ დახარჯული თანხა მას რასაკვირველია ვერ შეედრება, მაგრამ გულხელდაკრეფილები არც ფრანგები მსხდარან. ქვეყანაში, სადაც პირველი ყურადსაღები ტრანსფერი პოლ პოგბას „მონაკოში’’, ხოლო ბოლო ბენჟამენ პავარის „მიარსელში’’ გადასვლა იყო ამ სეზონში თამაშობენ ქართველი ფეხბურთელები: ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი. ჟორჟ მიქაუტაძეც იყო, მაგრამ ის „ლიონმა’’ ესპანურ „ვილიარეალში’’ გაყიდა. ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი’’ ლიგა 2-ში გამოდის.

ლიგა 1-ის კლუბებმა ზაფხულში ახალ ფეხბურთელებში 661 მილიონი ევრო დახარჯეს. ეს სარეკორდო ციფრი არ არის, ― 2023 წლის ზაფხულში ფრანგთა დანახარჯი 898 მილიონ ევროს უდრიდა ― მაგრამ არც ცოტაა. ზოგადად, მთავარი მოვაჭრე რასაკვირველია „პარი სენ ჟერმენია’’, მაგრამ ამჯერად სიგიჟე არ გაუკეთებია. პარიზელებმა შეიძინეს მეკარე ლუკა შევალიე და მცველი ილია ზაბარნი. მათში 103 მილიონი გადაიხადეს. კიდევ ერთ ახალწვეულში, 19 წლის იტალიელ მეკარე რენატო მარენში პსჟ-ს ცენტიც არ გადაუხდია.

საინტერესოა, რომ პარიზელთა დანახარჯი ნაკლებია „კომოს’’ (107 მილიონი), „ლიდსის’’ (113 მილიონი), „ატალატნას’’ (125 მილიონი) და თვით ფრანგული „სტრასბურის’’ (127 მილიონი) დანახარჯზე.

„სტრასბური’’ ვახსენეთ. მან ახალი ფეხბურთელების ყიდვაში ლიგა 1-ის ყველა კლუბს აჯობა. პრეზიდენტმა მარკ კელერმა 18 ახალი ფეხბურთელი დაიმატა. ეს შთამბეჭდავი რიცხვი სავარაუდოდ იმით არის განპირობებული, რომ 19 წლიანი წარუმატებლობის შემდეგ ელზასელები ევროშეჯიბრებას დაუბრუნდნენ ― კონფერენციის ლიგაში თამაშობენ.

სეზონი ცუდად დაიწყო, მაგრამ ბაზარში იყოჩაღა „მარსელმაც’’. მართალია თანაგუნდელ ჯონათან როუსთან (რომელიც ახლა „ბოლონიაშია’’) ჩხუბის გამო კლუბმა ადრიენ რაბიო გააგდო, უფრო სწორად კი „მილანს’’ მიჰყიდა, მაგრამ რობერტო დე ძერბის 12 ახალწვეული ჰყავს. მათ შორის არიან იგორ პაიშაუ, ფაკუნდო მედინა, ტიმოთი ვეა, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ნაიფერ აგუერდი და ბენჟამენ პავარი. ყველაში ერთად 96.2 მილიონი ევროა გადახდილი.

„მარსელმა’’ გადამხდელების ცხრილში თავის მეზობელ „სტად რეიმსთანაც’’ კი გაჩარხა ბიზნესი ― ქუენტენ მერლენი და ვალენტინ რონგიე მიჰყიდა. თავის მხრივ ბრეტონელებმა ჯამში 67.8 მილიონი ევრო დახარჯეს. შეგახსენებთ, რომ „რეიმსი’’ გასულ სეზონში საფრანგეთის თასის ფინალში იყო, სადაც პსჟ-თან დამარცხდა 0:3.

ყველაზე უხვად მხარჯველ ფრანგულ ხუთეულში შედის ლიგა 1-ში ახალგადასული „პარიზი’’. როგორც მოსალოდნელი იყო დედაქალაქის კლუბი არ გაგიჟებულა, ბიუჯეტური ვარიანტები აირჩია. მან ძირითადად ფრანგული ფეხბურთის უმაღლეს დივიზიონში ნათამაშები, გამოცდილი ფეხბურთელები შეიძინა. 57.3 მილიონი ევრო დახარჯა.

სხვა საქმეა, რომ „პარიზს’’ არავინ გაუყიდია და ხსენებული თანხა მთლიანად დეფიციტში წაუვიდა. „სტრასბურის’’ დეფიციტი გახლდათ 41.8 მილიონი ევრო, პსჟ-სი 39 მილიონი, ხოლო „მარსელის’’ 14.5 მილიონი.

რაც შეეხება კლუბებს, რომლებმაც ამ სატრანსფერო ბაზარზე მოგება ნახეს, მათ 103.5 მილიონი ევროთი „მონაკო’’ ლიდერობს. მერე მოდის „ნიცა’’ ― 74 მილიონი და „ლილი’’ ― 71 მილიონი.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.