ამ ზაფხულს ნაყიდმა ჯეიმს ტრაფორდმა ახალი სეზონის სამივე თამაში ჩაატარა და კვირას ბრაიტონში წაგების გამო თუკი ვინმე არ გააკრიტიკეს ის ყო, მაგრამ ამიერიდან „მანჩესტერ სიტის’’ კარში ჯანლუიჯი დონარუმა ჩადგება. ედერსონი „ფენერბაჰჩეში’’ გადავიდა, „სიტიმ’’ და პეპ გვარდიოლამ კი „პარი სენ ჟერმენისგან’’ 26 მილიონ გირვანქად იტალიელი იყიდეს. ამ ზაფხულს „ქალაქელთა’’ დანახარჯმა სატრანსფერო ბაზარზე სულ 180 მილიონი გირვანქა შეადგინა, რაც 207.3 მილიონ ევროს უდრის.
„სიტიმ’’ სეზონი ვულვერჰემპტონში 4:0 მოგებით დაიწყო, შემდეგ კი „ტოტენჰემთან’’ 0:2 და „ბრაიტონთან’’ 1:2 და წააგო.
– გოლის გაშვების შემდეგ თამაში შევწყვიტეთ, – თქვა გვარდიოლამ ბოლო მარცხის შემდეგ.
BBC სვამს კითხვას: აქვს კი დონარუმას ის უნარები, რომელთა წყალობითაც ედერსონს სრულყოფილად შეცვლის?
სანაკრებო კვირეულიდან დაბრუნების შემდეგ, 14 სექტემბერს „მანჩესტერ სიტის’’ „მანჩესტერ იუნაიტედთან’’ ელის შეხვედრა. მტრად მოკიდებულ თანაქალაქელებს შორის სხვაობა 1 ქულაა.
ექსპერტები ამბობენ, რომ დონარუმა „ქალაქელებს’’ გამარჯვებულის მენტალიტეტს შეჰმატებს, რაც გუნდს ნამდვილად სჭირდება, რადგან ის დატოვეს კევინ დე ბრუინმა, კაილ უოქერმა და ჯეკ გრილიშმა. იტალიელმა გასულ სეზონში „პარი სენ ჟერმენის’’ წარმატებეში უზარმაზარი როლი ითამაშა, 2020 წელს კი პენალტებში ინგლისს ევროპის ჩემპიონის ტიტული გამოგლიჯა ხელიდან.
26 წლის დონარუმა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ითვლება. მისი ყველაზე ძლიერი მხარე რეაქცია და დარტყმების მოგერიებაა. გარდა ამისა დონარუმა ტანმაღალია და გამოსვლებისას ჰაერში ბატონობს, მაგრამ ფეხით თამაშში ედერსონთან ახლოსაც ვერ მივა. არადა, გვარდილას ხელში „სიტის’’ თამაშის თავისებურება და ერთ-ერთი მთავარი იდეა მეკარისთვის ბურთის დაგორება და გათამაშებაა. ის პრესინგისგან თავის დაღწევის ჩინებული მეთოდია, მაგრამ დონარუმასთან ერთად ეს ტაქტიკური ხერხი სავარაუდოდ შეიზღუდება. ედერსონი „სიტის’’ კარს რვა წელიწადი იცავდა და ამ ხნის განმავლობაში ექვსი იტიული მოიგო. BBC წერს, რომ ბრაზილიელმა მეკარის თამაში რევოლუციურად გარდაქმნა. მან 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ლეგენდარულმა დანიელმა მეკარემ პიტერ შმაიხელმა დასძინა, რომ გვარდიოლას „სიტი’’ პრემიერლიგის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად სწორედ ბურთის გორების ედერსონისეულმა უნარმა აქცია. მას შეუძლია როგორც მოკლე კომბინაციის გათამაშება ასევე მთელს სიგრძეზე გრძელი პასის გადაწოდება.
„დონარუმამ პსჟ-ში მართლა კარგი სეზონი ჩაატარა, მაგრამ ფეხით თამაშში ის ედერსონი არ არის. ედერსონს ვერავინ შეედრება’’, ― დაასკვნა შმაიხელმა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
