„ლივერპული’’ ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო თანხის გადახდას დაყაბულდა: ინგლისის ჩემპიონმა „ნიუკასლისგან’’ 125 მილიონ გირვანქად (145 მილიონი ევრო) შვედი ალექსანდრ ისაკი იყიდა. BBC-ს ცნობით ისაკი დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ექვსწილან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
თავიდან მერსისაიდელები „კაჭკაჭებს’’ 110 მილიონ გირვანქას სთავაზობდნენ, მაგრამ მეტის გადახდა მოუხდათ. 25 წლის თავდამსხმელი მათი მთავარი სამიზნე იყო. ვაჭრობა დიდხანს გაგრძელდა და სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეს დასრულდა. რამდენიმე დღით ადრე „ნიუკასლმა’’ „შტუტგარტისგან’’ მისი შემცვლელი ნიკ ვოლტემადე იყიდა, ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გამოიჩინა თავი.
ამ ზაფხულს „ნიუკასლმა’’ ისაკი აზიაში, პრე-სეზონზე არ წაიყვანა. კლუბმა თავისი გადაწყვეტილება ბარძაყის მცირე ტრავმით ახსნა. ხალხმა ოფიციალური ვერსია არ დაიჯერა. ყველა მიხვდა, რომ შვედი სხვაგან გადასვლას ცდილობდა.
შემდეგ ისაკი თავის ყოფილ კლუბთან „რეალ სოსიედადთან’’ ერთად ვარჯიშობდა, „ნიუკასლმა’’ კი „ლივერპულს’’ მის 110 მილიონად მიყიდვაზე უარი უთხრა. ამის გაგონებაზე ისაკმა საჯაროდ განაცხადა, რომ „ნიუკასლმა’’ სიტყვა გატეხა და მისი ურთიერთობა ამ კლუბთან ვეღარ გაგრძელდებოდა.
BBC-მ გამოიკვლია, რომ „კაჭკაჭებს’’ ფეხბურთელისთვის პირობა ჰქონდათ მიცემული: თუ მის ყიდვას ადექვატურ ფასად რომელიმე დიდი კლუბი შეეცდებოდა, ისინი არ დააბრკოლებდნენ. „ნიუკასლი’’ შვედისთვის რაიმე სიტყვის მიცემას კატეგორიულად უარობს.
ახალ სეზონში ისაკს „ნიუკასლის’’ შემადგენლობაში არ უთამაშია. მან სამი შეხვედრა გამოტოვა, მათ შორის ის, რომელიც შინ „ლივერპულმა’’ 3:2 მოუგო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები15/09/2026 | 08:42მიქაუტაძისთვის სახეირო არაფერი იყო
მთავარი ამბავი15/09/2026 | 07:18მბაპეს და დემბელეს შორის ურთიერთობა დაიძაბა
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 10:14ჰოლანდის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 08:08ლუის ენრიკე: უფრო ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ
