ჰოლანდიელმა ჯერემი ფრიმპონგმა „მილანთან’’ ამხანაგური თამაშის (2:4) დროს გულშემატკივრის ყურადღება მიიპყრო, მერე კი ჟურნალისტებს უამბო, თუ როგორ ჩაირა მისმა პირველმა კვირებმა „ლივერპულში’’. ფრიმპონგმა თქვა, რომ ახალ გარემოსთან შეგუება არ გასჭირვებია. ის გიორგი მამარდაშვილთან, მილოშ კერკეზთან და უგო ეკიტიკესთან ერთად მერსისაიდელთა ახალწვეულია. პრემიერლიგის ჩემპიონმა მასში „ლევერკუზენს’’ 40 მილიონი დოლარი გადაუხადა. „ლივერპულში’’ ფრომპონგს ყოფილი თანაგუნდელი ფლორიან ვირტცი დახვდა.
როგორც აღვნიშნეთ, ნიდერლანდელს აკლიმატიზაცია არ გასჭირვებია. „კულისებსმიღმა’’ გადაღებულ ვიდეოებში ხშირად ნახავთ, როგორ ხუმრობს ის ახალ თანაგუნდელებთან. განსაკუთრებით ინგლისელ კურტის ჯონსს დაუმეგობრდა. ორივენი 24 წლისანი არიან.
„ფლო, მილოში და მე შესანიშნავი ფეხბურთელების გარემოცვაში მოვხვდით, რამაც საქმე გააიოლა. რამდენიმე მათგანს ვიცნობდი. შეიძლება ამანაც გამიადვილა აკლიმატიზაცია. კარგი ბიჭები არიან, ჩინებული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, ეს კი ყველას გვეხმარება’’.
ფრიმპონგმა, ისევე როგორც „ლივერპულის’’ მოთამაშეთა უმრავლესობამ „მილანთან’’ 45 წუთი ითამაშა. „მანჩესტერ სიტის’’ საყმაწვილო გუნდის ყოფილმა მოთამაშემ ისევე როგორც სხვა ამხანაგურ შეხვედრებში ახლაც მარჯვენა ფლანგზე დაიკავა ადგილი, მაგრამ შემტევის პოზიციაზე. არადა ითვლებოდა, რომ მისთვის ბუნებრივი მარჯვენა მცველის როლი იყო.
სწორედ ფრიმპონგის უნივერსალურობა მოეწონა „ლივერპულს’’ და ამიტომ გაუფორმა კონტრაქტი.
„ჩემთვის არაფერი იცვლება, ერთსა და იმავეს ვთამაშობ. შემტევი განაპირა მცველი ვარ, ასე რომ თუ მარჯვენა ფრთაზე მათამაშებენ თავს მშვიდად ვგრძნობ. მარჯვენა ფლანგი მარჯვენა ფლანგია. სადაც მწვრთნელი დამავალებს იქ ვითამაშებ.
რაც შეეხება „მილანთან’’ თამაშს. ეს მხოლოდ და მხოლოდ მოსამზადებელი შეხვედრა იყო, მაგრამ წაგება მაინც არავის სიამოვნებს. ისე კი, პრე-სეზონზე მთავარი ფიზიკური მომზადებაა და ჩვენც სწორედ ამით ვართ დაკავებული’’, – თქვა ფრომპონგმა.
ჰონკინგის შემდეგ „ლივერპული’’ ტოკიოში გაფრინდა, სადაც 30 ივლისს „იოკოშიმა მარინოსს’’ შეხვდება, რის მერეც ინგლისში დაბრუნდება და 4 აგვისტოს „ბილბაოსთან’’ გამართავს მიჯრით ორ ამხანაგურ შეხვედრას. ოთხი დღის შემდეგ კი არნე სლოტის გუნდს „უემბლიზე’’ უკვე ინგლისის სუპერთასის შეხვედრა ელის „კრისტალ პალასთან’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/09/2026 | 14:22დე ბრუინი მსაჯს: F*ck off man!
სიახლეები29/09/2026 | 07:43უსახური მატჩი
სიახლეები29/09/2026 | 06:41მოედანზე პირველად, პლუს ახალი ტაქტიკით
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 08:51ჟოაო ფელიქსი: რა თქმა უნდა იამალი
