რა მიიღო მანჩესტერ სიტიმ დაღლის გარდა?

Home აქეთურ-იქითური რა მიიღო მანჩესტერ სიტიმ დაღლის გარდა?
რა მიიღო მანჩესტერ სიტიმ დაღლის გარდა?

Pep Guardiola head coach of Manchester City and Spain protest to referee during the FIFA Club World Cup 2025 round of 16 match between Manchester...„მანჩესტერ სიტიმ’’ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საუდის არაბეთის „ალ ჰილალთან’’ წააგო და მერვედფინალიდან გამოვარდა.

„ჩვენ შესანიშნავ ადგილას, შესანიშნავ მოგზაურობაში ვიყავით. საუცხოო ენერგეტიკა ვიგრძენით, მაგრამ ახლა დასვენების დროა. შინ ვბრუნდებით. გონება მომდევნო სეზონისთვის უნდა გადავტვირთოთ’’, ―  უთხრა BBC-ს მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ.

BBC კი კითხვას სვამს: ღირდა ისედაც ხანგრძლივი სეზონის კიდევ უფრო გახანგრძლივება? რა სიკეთე მოუტანა ამ შეჯიბრებამ „მანჩესტერ სიტის’’?

ფლორიდაში, მზიან დარში ცხოვრებამ და ვარჯიშმა გვარდიოლას გუნდი ერთი შეხედვით გადაახალისა და გამოაცოცხლა. ამ მხრივ წარუმატებელი სეზონის ბოლო, თავსმოხვეული ნაწილი ცუდი არ იყო. შედგა ახალწვეულების დათვალიერება. გამოჩნდა, რომ ჰოლანდიელ ტიჯანი რეინდერსს „ქალაქელთა’’ ნახევარდაცვისთვის ახალი ძალის შთაბერვა შეუძლია. ფრანგმა რაიან შერკიმ ჯგუფურ ეტაპზე გამოიჩინა თავი, „ალ ჰილალთან’’ შეხვედრის დამატებით დროში კი ფილ ფოდენს შესანიშნავი პასი მიაწოდა. მაგრამ დაცვაში BBC-ს აზრით ყველაფერი კარგად არ არის. ალჟირელი რაიან აიტ-ნური წინ ჩინებულად ერთვება, თავის უშუალო მოვალეობას კი მთლად კარგად ვერ ასრულებს. ყოველ შემთხვევაში საუდელებთან ძალიან გაუჭირდა.

მატეუს ნუნიესი ნახევარმცველია, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე მარჯვენა მცველობას კარგად გაართვა თავი, მაგრამ როგორც კი „სიტის’’ ღირსეული მეტოქე შეხვდა, გამოჩნდა, რომ ამ პოზიციაზე მძიმე სურათია. „ქალაქელებთან’’ დაკავშირებული წყაროები კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ იტყობინებოდნენ, რომ კლუბი ნომინალურ მარჯვენა მცველს ეძებდა, მაგრამ ვინმე შეარჩიეს თუ არა, არ უთქვამთ.

„ალ ჰილალთან’’ შეხვედრამ ისიც გამოაჩინა, რომ ზანტ ცენტრალურ მცველებს მეტოქის სწრაფ ფორვარდებთან უჭირთ.

გვარდილამ მკაფიოდ თქვა, რომ ახალი სეზონის წინ რიგი მოთამაშეების გაშვება უნდა. მაგალითად, შესაძლოა გაუშვან ინგლისელი ჯონ სტოუნზი, რომელიც კატალონიელმა მწვრთნელმა ამერიკის სტადიონებზე ერთი წუთითაც კი არ შეუშვა მოედანზე.

რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, ჩემპიონატის მონაწილეთაგან მისით უკმაყოფილო არავინაა. „სიტიმ’’ მერვედფინალიდან გავარდნის გამო ბევრი ფული დაკარგა. ჯგუფურ ეტაპზე მანჩესტერელებმა მაქსიმუმი მოიხვეჭეს: „სიტი’’ ერთადერთი გუნდი იყო, რომელმაც სამივე თამაში მოიგო, რითაც დაახლოებით 37.8 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო. აქ ლაპარაკია მონაწილეობისა და მოგების თანხათა ჯამზე. გვარდიოლას გუნდი მეოთხედფინალში რომ გასულიყო, დამატებით 9.5 მილიონ გირვანქას მიიღებდა, ხოლო ჩემპიონი რომ გამხდარიყო 53.8 მილიონით გამდიდრედებოდა.

BBC შეგვახსენებს, რომ „მანჩესტერ სიტიმ’’ „ვულვზს’’ მარცხენა მცველ აიტ-ნურიში 31 მილიონი გირვანქა გადაუხადა, ხოლო შერკის სანაცვლოდ „ლიონს’’ 30.5 მილიონი გადაურიცხა.

პრემიერლიგის ერთადერთი კლუბი, რომელიც კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატს შემორჩა, გახლავთ „ჩელსი’’. დასავლეთ ლონდონელების შემოსავალმა უკვე 40 მილიონს გადააჭარბა.

ყველაზე დიდი სარგებელი რომელიც „სიტიმ’’ „ალ ჰილალთან’’ წაგებითა და შეჯიბრებიდან გამოვარდნით ნახა, დასვენებაა. გვარდიოლას გუნდმა 2024 წლის აგვისტოს შემდეგ 61 შეხვედრა ჩაატარა. რაც კატალონიელი მწვრთნელი კლუბში მუშაობს (2016 წლიდან) მის გუნდს ამაზე მეტი შეხვედრა არ ჩაუტარებია. 61 მატჩი მან სამჯერ ჩაატარა: 2018-2019, 2020-2021 და 2022-2023 წლების სეზონებში. BBC წერს, რომ მიმდინარე სეზონში ევროპის ტოპ-კლუბებიდან მასზე მეტჯერ მხოლოდ სამმა ითამაშა, თუმცა ახლა „ჩელსიც’’ გადაასწრებს.

შინ დაბრუნებული „მანჩესტერ სიტის’’ მოთამაშეები ოთხკვირიან შვებულებაში გავლენ, შემდეგ კი პრე-სეზონზე შეიკრიბებიან. სად დასცემს გვარდიოლას გუნდი ბანაკს? ვინაიდან მანჩესტერელები ამერიკაში უკვე იყვნენ, საეჭვოა, რომ კვლავ ოკეანის გადაღმა გაემგზავრონ.

პრემიერლიგის სეზონი 16 აგვისტოს იწყება. ამ დღეს „სიტი’’ ვულვერჰემპტონში თამაშობს.