პირველი მარცხი აფრიკის გუნდთან

Home კატეგორიის გარეშე პირველი მარცხი აფრიკის გუნდთან
პირველი მარცხი აფრიკის გუნდთან

თომას ტუხელმა ინგლისის ნაკრების მაისურზე მეორე ვარსკვლავის ამოქარგვს თავი დაანებოს, ფუჭი ოცნებაა, გაისად ამერიკაში გამგზავრების უფლება თუ მოიპოვა, ესეც დიდი ამბავი იქნებაო, დაწერეს ბრიტანულ მედიაში. დასკვნა გამოტანილია: „სამი ლომი’’ მსოფლიო ჩემპიონი ვერ გახდება. მან ისტორიაში პირველად წააგო აფრიკულ გუნდთან. ეს იყო ამხანაგური შეხვედრა შინ სენეგალთან – 1:3. აქამდე ინგლისელებს აფრიკელებთან 21-ჯერ ჰქონდათ ნათამაშევი. და კიდევ, ტუხელის ექსპერიმენტი უკვე ძალიან საეჭვო წამოწყებას ემსგავსება.

ინგლისელი მიმომხილველები ისე გამწარდნენ, რომ მათი ნაკრების წინა მეტოქეს, ანდორას კლოუნების გუნდიც კი უწოდეს. შაბათს, მსოფლიოს შესარჩევში კლოუნების გუნდ ანდორასთან 1:0 დამთრგუნველი მოგების (1:0) შემდეგ სენეგალთან წაგებამ გვაჩვენა, რომ ივნისის სანაკრებო კვირა გამანადგურებელი იყოო. ჰარი კეინის გოლს ისმაილ სარამ, ჰაბიბ დიარამ და შეიხ საბალიმ ხაზი გადაუსვეს. ეს იყო ინგლისელთა პირველი მარცხი ტუხელის ხელში. როგორც კი ღირსეული მეტოქე შეხვდა, გუნდმა მყისვე წააგოო, ბრაზობენ მიმომხილველები. ისინი წერენ, რომ ტუხელს ინგლისის ნაკრების გაწვრთნისთვის საერთოდ არ უნდა მოეკიდა ხელი. მითუმეტეს, არ უნდა დაექადნა, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გახდება. მათი აზრით გერმანელს წარმოდგენა არ აქვს რომელია დღეს ინგლისელთა საუკეთესო შემადგენლობა, არადა მან თანამდებობის ლოდინში სამი თვე გამოტოვა. ტუხელს ნოემბრის შეხვედრებიც გაუცდა.

სექტემბერში ინგლისელებს სერბეთში აქვთ თამაში და თუ მანამდე მდგომარეობა არ გამოსწორდება, ბრიტანული პრესის აზრით, ისინი დიდ პრობლემებს წააწყდებიან.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.