ჩემპიონი პარასკევს გაირკვევა

Home კატეგორიის გარეშე ჩემპიონი პარასკევს გაირკვევა
ჩემპიონი პარასკევს გაირკვევა

Yann-Aurel Bisseck of FC Internazionale heads the ball during the Serie A soccer match between SSC Napoli and FC Internazionale at the Diego Armando...ვინ გახდება სერია A-ს ჩემპიონი, „ნაპოლი’’ თუ „ინტერი’’? ამ კითხვას პასუხი კვირას კი არა, პარასკევს გაეცემა – ასე გადაწყვიტა ლიგის ხელმძღვანელობამ. დავაზუსტოთ: „ნაპოლი’’ „კალიარის’’ და „კომო’’ „ინტერს’’ 23 მაისს, საქართველოს დროით 22 საათსა და 45 წუთზე უმასპინძლებენ. შესაძლო ფლეი-ოფი კი ორშაბათს, 26 მაისს ასევე 22:45-ზე არის დანიშნული. მოგეხსენებათ, შემდეგ შაბათს, 31 მაისს მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის ფინალია, სადაც ერთმანეთს „ინტერი’’ და „პარი სენ ჟერმენი’’ ხვდებიან. პარიზული კლუბის გულშემატკივარს ალბათ სურს, რომ იტალიაში ჩემპიონის ვინაობა პარასკევს ვერ გაირკვევს და „ნერაძურის’’ ორშაბათს კიდევ ერთი მომქანცველი ბრძოლა გადახდეს. გადათამაშება რომში, „სტადიო ოლიმპიკოზე’’ შედგება. სერია A-ს პრეზიდენტმა ეციო მარია სიმონელიმ Rai Radio 1-თან ინტერვიუში თქვა, რომ ფლეი-ოფის შეხვედრა წესით მილანში უნდა გამართულიყო, მაგრამ რაკი „ინტერი’’ ამ ქალაქის გუნდია, ყველაზე მისაღები სარბიელი „სტადიო ოლიმპიკოა’’. „ნაპოლის’’ 79 ქულა აქვს, ხოლო „ინტერს’’ – 78.

ბოლო ტურის თარიღების დადგენა კომპრომისის გზით მოხერხდა. „ნაპოლის’’ შაბათს, 24-ში უნდოდა თამაში, ხოლო „ინტერს’’ ხუთშაბათს, რათა ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მეტი დრო დარჩენოდა. აქ დავაში ჩაერია ტრანსლაციათა უფლებების მფლობელი ტელეკომპანია DAZN, რომელმაც ყველაფერს პარასკევი ამჯობინა.

„ბოლონია’’ „ჯენოას’’ და „მილანი’’ „მონცას’’ შაბათს შეხვდება. დანარჩენი მატჩები კი როგორც დაგეგმილი იყო, კვირას გაიმართება.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.