ძალიან სასიამოვნო კაცი ბისტროში

Home კატეგორიის გარეშე ძალიან სასიამოვნო კაცი ბისტროში
ძალიან სასიამოვნო კაცი ბისტროში

ოთხშაბათს, ნაშუადღევს პარიზის პირველ ოლქში მდებარე ბისტრო A la claire fontaine-ს ტერასაზე ოთხი კაცი საუბრობდა და იცინოდა. ისინი მცხუნვარე მზის ქვეშ ერთმენეთს ლუდით სავსე ჭიქებს უჭახუნებდნენ და ველოსიპედით გასეირნების შემდეგ ისვენებდნენ. მათ ველოსეირნობას შორტები და მაგიდაზე დაწყობილი ჩაფხუტები ადასტურებდა.

ერთს ფრანგული ველოგუნდის Groupama FDJ-ს მაისურა ეცვა. ის ამ გუნდის მწვრთნელის მარკ მადიოს კარგი ნაცნობია. ფრანგულად ლაპარაკობს, მაგრამ ესპანელია, თან იოლად საცნობი: ის ლუის ენრიკე გახლავთ. „პარი სენ ჟერმენის’’ თავკაცი მაგიდასთან ნამდვილი პარიზელივით ზის. პრინციპში გახდა კიდეც პარიზელი. მასთან ერთად არიან მისი ახლო მეგობარი, კლუბის ფსიქოლოგი ხოაკინ ვალდესი და ერთ-ერთი ასისტენტი გილიემ ერნანდესი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გამვლელების მიერ გადაღებული სცენა თავისთავად სასაცილოა, მაგრამ თუ თარიღს დავაკვირდებით, ამ ვიდეოს ფასი იზრდება. ის გადაღებულია 30 აპრილს ანუ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ლონდონში „არსენალთან’’ გამარჯვებიდან რამდენიმე საათის შემდეგ.

„ისინი დაახლოებით 14:30-ზე მოვიდნენ’’, – ყვება ბისტროს მეპატრონე ჯალი, ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი,  რომელმაც პსჟ-ს მწვრთნელი ხელად იცნო. „მათ შეუკვეთეს ლუდი, შემდეგ კიდევ თითო და ლუის ენრიკემ ხორციანი კერძიც მოინდომა’’, – ამბობს ის. „ჩვენ ცოტა ვილაპარაკეთ. ლუის ენრიკე ნამდვილად სასიამოვნო ადამიანია. მე მას „არსენალთან’’ მოგება მივულოცე. მას ესიამოვნა’’.

ჯალი მოულოდნელი შეხვედრის აღწერას ასე განაგრძობს: „თავიდან სტუმრების მცირე ჯგუფი მშვიდად იჯდა, რადგან მწვრთნელი ვერავინ იცნო, მერე კი იცნეს და ხალხის რაოდენობა გაიზარდა’’.

ჩვეულებრივ ველოსიპედით ლუის ენრიკეს ნახვა პუასიში, პსჟ-ს კამპუსთან შეიძლება. ფეხბურთში მრავალი შეჯიბრების ჩემპიონი და „ბარსელონას’’ ყოფილი მწვრთნელი სპორტის ბევრ სახეობაში წარმატებული კაცია. მისი ცხოვრების წესი შთამბეჭდავია, სხეულის გასაკაჟებელ ვარჯიშებს დღეში რამდენჯერმე ასრულებს.

2008 წელს, ფეხბურთელობასა და მწვრთნელობას შორის გარდამავალ პერიოდში მან ქვიშის მარათონში მიიღო მონაწილეობა ― ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესი რბოლა, რომელიც მაროკოს უდაბნოში იმართება. 2023 წელს პარიზში გადაბარგების წინ ის გამოვიდა სამხრეთ აფრიკის მთებში, ქანცის გამწყვეტ რბოლაში, რომელსაც Absa Cape Epic ეწოდება. მისი მონაწილეები 658 კილომეტრს გადიან და ზღვის დონიდან 1500 მეტრ სიმაღლეს აღწევენ. ლუის ენრიკემ ამასაც თავი გაართვა.

აი, რაც შეეხება შედარებით ხანმოკლე გასეირნებას პარიზის ქუჩებში, იმის გამო, რომ ხალხი ცნობს, ის შეიძლება უფრო საშიში გამოდგეს.

„პარიზიენი’’. ერიკ მიჩელი და სტეფან ბიანში

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.